აზერბაიჯანის პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი, პოლიტოლოგი მუბარიზ აჰმედოღლუ, საქართველოს აზერბაიჯანულ თემს ირანის გავლენის შესახებ აფრთხილებს და მის ნაწილს თეირანის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს. მის მიმართვას აზერბაიჯანული Pozan Media ავრცელებს.
“ირანი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ სრულმასშტაბიან შეტევაზე გადადის. ვუყურებ ვიდეოებს და საქართველოში არსებულ ვითარებასაც ვადევნებ თვალს. ამაზე ადრეც მილაპარაკია, ჩემი საქმიანობაც ცნობილია – ანგარიშებს ვწერ.
ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც მუდმივად ვადევნებ თვალს. მაგრამ სირცხვილი ბორჩალოში [მარნეულში] მსხდომ აზერბაიჯანელ კაცებს, და იქაურ ქალებსაც უნდა შერცხვეთ. ერევნის ცისფერი მეჩეთი, აზერბაიჯანული მეჩეთი, ირანმა სომხებს გადასცა – ამას რატომ არ აპროტესტებენ? სამაგიეროდ, აზერბაიჯანულ დღესასწაულებზე იკრიბებიან და ირანისთვის ლოცულობენ.
ირანს ამ რეგიონში სისხლი სჭირდება. ის ბორჩალოს [მარნეულს] ფეხქვეშ გადააგდებს, სომხებსა და ქართველებს შორის. ლუკმა პურს გაძლევს, ფულს გაძლევს, მაგრამ მისი მიზანი შესაწირი ცხვრის გამოზრდაა. მერე გადაგაგდებს და უპატრონოდ დაგტოვებს სასიკვდილოდ. ნუ გაჰყვებით იმ გზას, რომელსაც ირანი გიკარნახებთ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ცისფერი მეჩეთია, ისევე როგორც ჩვენი საკუთარი გამოცდილება.
ირანის ხალხის ამოცნობაზე ადვილი არაფერია. შეხედეთ პრესას, შეხედეთ სოციალურ ქსელებს. სადაც უვიცი, უგუნური, ყველაზე უმეცარი ადამიანი წერს სოციალურ ქსელში, იცოდეთ, რომ ის ირანისაა. ირანმა იმდენი ფანატიკოსი გაზარდა – ჩვენ შორისაც. რა თქმა უნდა, ჩვენშიც იყო ადამიანების ჯგუფი, რომელიც ირანულ საიტებთან თანამშრომლობდა. მადლობა ღმერთს, უკვე ხუთი-ექვსი თვეა, აღარ ჩანან. ამერიკული ომის დაწყებიდან ერთ-ორ თვეში ჩვენმა აზერბაიჯანელებმა ირანის ნამდვილი სახე დაინახეს. დღესაც ასეა.” – ამბობს აჰმედოღლუ საქართველოში ირანის გავლენაზე საუბრისას.

