აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი არ გამორიცხავს, რომ კიევის მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებული თავდასხმა შესაძლოა, რუსეთის, აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების დაგეგმილ შეხვედრას უკავშირდებოდეს – დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არ გამორიცხავს, რომ კიევის მიერ ყირიმის ხიდზე  განხორციელებულ თავდასხმასა და რუსეთის, აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების დაგეგმილ შეხვედრას შორის კავშირი იყოს.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯით კიევი საკუთარი პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობს. ამასთან, პესკოვმა ყირიმის ხიდზე თავდასხმას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.

„ამის გამორიცხვა შეუძლებელია. სამხედრო მოქმედებები გრძელდება და ჩვენი სამხედროები ურტყამენ სამიზნეებს, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან. უკრაინა კი აგრძელებს თავის ტერორისტულ თავდასხმებს“, – განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, თავდასხმამ რაიმე შეცვალოს ფორუმის დღის წესრიგში, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს არა ცეცხლის დროებით შეწყვეტა, არა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება სურს.

„ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა არასდროს ყოფილა დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესთან. ჩვენ ზუსტად ვთქვით, რომ ნებისმიერი შესვენების წინააღმდეგი ვართ; ჩვენ გრძელვადიანი მშვიდობისა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების მომხრე ვართ, რამაც შეიძლება მშვიდობიან გადაწყვეტამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, სამხედრო მოქმედებები გრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, სამიტის დღის წესრიგი უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, ანექსირებულ ყირიმში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო ყირიმის ხიდზე საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეჩერდა.

სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, APEC-ის სამიტის ფარგლებში გაიმართება. ეს იქნება სამი ქვეყნის ლიდერების პირველი ერთობლივი პირისპირ შეხვედრა.

იტვირთბა....