გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალურ ვიზიტებს მართავს.
ვადეპული 17 ნოემბერს ბაქოში ჩავა, 18 ნოემბერს კი ერევანს ეწვევა. ეს მისი პირველი ვიზიტია რეგიონის ქვეყნებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებაა.
„სამხრეთ კავკასიაში ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი გავლენა საკუთარი ხალხისა და მათი მომავლის ხარჯზე. თუმცა, რუსეთის მეზობლების ევროპასთან დაახლოების საკითხი მოსკოვში არ უნდა გადაწყდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. დადგა დრო, მოვუსმინოთ მათ ხმას და გავითვალისწინოთ მათი ინტერესები“, – აღნიშნა ვადეპულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპას აქვს ინტერესი, ხელი შეუწყოს რეგიონში საკუთარი პარტნიორობის გაძლიერებას და არ დაუშვას რუსეთის გავლენის გაფართოება.
ვიზიტის ფარგლებში გერმანია ყურადღებას გაამახვილებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზეც.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერევანში მოლაპარაკებების ერთ-ერთი მიმართულება სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება იქნება. ბაქოში კი დღის წესრიგშია ენერგეტიკულ თანამშრომლობა.
ვადეპულის შეფასებით, აზერბაიჯანი გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასაც შეეხება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების ევროპულ სივრცესთან დაახლოებას, ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდასა და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას.

