მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაიხსნა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ქვეყანას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს.
„დღეს ჩვენ გავხსენით ვულკანეშტი-კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც მოლდოვას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს. ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგორესურსებს ჩვენს შანტაჟისთვის იყენებდა. ეს დასრულდა: მოლდოვა რუსულ გაზს ნულოვანი რაოდენობით ყიდულობს, რუმინეთთან კი კიდევ ორი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა იგეგმება. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა“, – წერს სანდუ სოციალურ ქსელში.
მოლდოვა ადრე, ბუნებრივი აირის იმპორტის კუთხით, თითქმის სრულად იყო დამოკიდებული რუსულ გაზის კომპანია „გაზპრომზე“. 2022 წლის დეკემბერში მოლდოვამ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვა შეწყვიტა, მაგრამ დნესტრისპირეთში მდებარე კუჩურგანის ელექტროსადგური კვლავ იღებდა რუსულ გაზს. მოლდოვა კი ელექტროენერგიას სწორედ ამ სადგურისგან ყიდულობდა. 2023 წელს მოლდოვამ რუსული „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვა შეწყვიტა მდინარე დნესტრის მარჯვენა სანაპიროს – კიშინიოვის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის – საჭიროებებისთვის. იმ პერიოდში მოლდოვის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოხმარების შემცირების გზით, ქვეყანამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება დაასრულა.

