5 ნოემბერს ევროკომისიამ €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის ფარგლებში უკრაინას €4.36 მილიარდი გადაურიცხა, საიდანაც €3.7 მილიარდი უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერას მოხმარდება, €658 მილიონი კი – სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვას.
“რუსეთი განუწყვეტლივ უტევს უკრაინას, რომელიც ომის პირობებში მეხუთე ზამთარს ხვდება. უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევა გრძელდება და EU-ც კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. დღეს გადარიცხული €4.36 მილიარდით უკრაინას ვეხმარებით, შეინარჩუნოს აუცილებელი საჯარო სერვისები და თავდაცვის გადაუდებელი საჭიროებები დააკმაყოფილოს.” – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
€3.7 მილიარდი 2026 წლისთვის დაგეგმილი მაკროფინანსური დახმარების სამი ტრანშიდან მეორეა. მის მისაღებად უკრაინამ 12-ვე შეთანხმებული პირობა შეასრულა. მათ შორისაა ციფრული პლატფორმებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა, მცირე ღირებულების კომერციული ამანათებისთვის დღგ-ის შეღავათის გაუქმება და საბიუჯეტო დაგეგმვის გაუმჯობესება.
კომისიის ცნობით, თავდაცვისთვის გამოყოფილი €658 მილიონით უკრაინა დრონებს, რაკეტებს, რადარებს, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებსა და საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას შეიძენს. ამასთან, ამ თანხის უმეტესი ნაწილი უკრაინული კომპანიებისგან აღჭურვილობის შესყიდვას მოხმარდება.

