სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ სისტემის პირობებში ადამიანის უსაფრთხოება დაცული არ არის – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ამის შესახებ ფბ-ლაივში მოქალაქის დასმული კითხვის საპასუხოდ გაანცხადა.
მოქალაქემ მას ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ჰკითხა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ სისტემის შეცვლის და გამოსწორების გარეშე, ცალ-ცალკე საკითხები ქვეყანაში ვერ გამოსწორდება, რადგან მისი თქმით, პასუხიმგებელი პირები მუდამ პასუხისმგებლობას იხსნიან, დასჯის ტვირთი კი უბრალო, დავალებების შემსრულებებ მოქალაქეებზე გადადის.
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 2 კაცი და 2 ბავშვი.
უნდა ვებრძოლოთ სისტემას. ეს არის პასუხი, მოკლე პასუხი. ეს არის გრძელი პასუხი: ანუ ის, რომ რეალურად ამ ქვეყანაში და ამ სისტემაში მართლაც არ არის დაცული ადამიანის უსაფრთხოება. ეს ეხება ყველაფერს — ეს ეხება ამ კორპუსებს, რომლებიც უკვე ავარიული არის და არავინ არ ზრუნავს ამაზე, და მოქალაქეებს დღევანდელ პირობებში არ გააჩნიათ იმის საშუალება, რომ თვითონ იზრუნონ თავიანთ საცხოვრებელ კორპუსებზე, რაც იყო ადრე, საბჭოთა პერიოდში, რაც იყო მათი ვალი და მოვალეობა, რომ რეალურად ყველაფრის, რაც იყო აღსადგენი, ყველაფერზე ზრუნავდა თვითონ სისტემა და რეჟიმი. ეს მოიშალა, ცხადია, საბჭოთა კავშირის შემდგომ და ეს შეცვლილი უნდა ყოფილიყო პიროვნული ზრუნვით ადამიანების მიერ თავიანთ კუთვნილ ბინებზე, და თვითონ უნდა შეძლონ. ნორმალურ სისტემაში ასე არის, რომ უნდა შეძლო შენ თვითონ მოუარო შენ შენობას, შენ კორპუსს და შენ ბინას. მაგრამ დღეს რეალურად ამის საშუალება არავის არ გააჩნია — არც რეალურად, არც დაზღვევის საშუალება არავის არა აქვს ისევ იმ დონეზე, რომ დაცული იყოს.
და ზოგადად, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოება არცერთი კუთხით არ არის დაცული. ამისი კიდევ ერთი მაგალითი არის არა მხოლოდ ის ტრაგედიები, რაც მოხდა ამ ბოლო დროს, ამისი მარტივი მაგალითი არის ის, რაც ხდება რუსთაველზე — ვისაც გაუვლია რუსთაველზე, ყველა ხედავს ძალიან კარგად, რომ ყოველ წუთში შეიძლება რაღაც სახიფათო მოხდეს, იმიტომ რომ არანაირი ზომა არ არის მიღებული, რაც ამ ტიპის სამუშაოების დაწყებამდე უნდა იყოს მიღებული, ანუ სად უნდა გადაადგილდნენ ადამიანები, როგორ უნდა იყვნენ დაცული იმ ტექნიკის მიმართ, რომელიც მუშაობს დღე და ღამე, ზოგჯერ არა ღამე, უფრო დღე და ზოგჯერ არა დღე. მაგრამ ეს დაცვა, ეს პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია ადამიანების მიმართ, არის სრულიად დავიწყებული, მივიწყებული.
არ თვლის ქალაქის მერი, რომ არის რამეზე პასუხისმგებელი. თითო ტრაგედია, რაც მოხდა ქალაქში,თითო ტრაგედიაზე მისი პასუხი არის, რომ „მე არა ვარ კომპეტენტური, არა ვარ პასუხისმგებელი“ და ვიღაცეები ციხეში აღმოჩნდებიან ამის გამო — რომელიმე რაღაცა ქვე-ქვე-ქვე უწყების, უწყებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც რეალურად იქ მოხდა და ასრულებს სხვისი ზემდგომ ადამიანების ინსტრუქციებს, და ის მიდის ციხეში, ის იხდის რაღაც ჯარიმებს, და მერი, პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი, ვითომც და არაფერი. ეს არის სრულიად დარღვეული სისტემა და ეს არის, რაც არის გამოსასწორებელი. ანუ ჩვენ სისტემის შეცვლის გარეშე, სისტემის გამოსწორების გარეშე ცალ-ცალკე საკითხებს ვერ გამოვასწორებთ და ვერ ვუშველით ადამიანებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

