აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

საფრანგეთში სისხლის პლაზმის შესანახ ობიექტებზე კიბერშეტევა განხორციელდა

საფრანგეთში სისხლის პლაზმის შესანახ ობიექტებზე კიბერშეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას AP საფრანგეთის სისხლის საცავზე (EFS) დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, კიბერთავდასხმის შედეგების აღმოფხვრა იქამდე შეძლეს, ვიდრე ბანკს ზიანი მიადგებოდა.

EFS-ის ცნობით, ინციდენტი 2 ნოემბერს, მათ სამ პლაზმურ მაცივარში მოხდა, რა დროსაც „ტემპერატურა და გალღობის ზღვარი უკიდურესად მაღალ დონემდე გაიზარდა“.

„ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა და სისხლის პროდუქტები არ დაზიანებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შენახულ პროდუქტებს შორის იყო გადასხმისთვის განკუთვნილი პლაზმური პარკები და წამლების წარმოებისთვის გამოყენებული პლაზმა.

საფრანგეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო ინციდენტს იძიებენ.

ცნობისთვის, გასულ თვეში, საფრანგეთში ასობით სუპერმარკეტი კიბერშეტევის სამიზნე გახდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ჰაკერებმა კონტროლი მოიპოვეს მაცივრების ტემპერატურის მარეგულირებელ პროგრამაზე, რის შედეგადაც ზოგიერთი სუპერმარკეტის მაცივრებსა და საყინულეებში რამდენიმე საათის განმავლობაში ტემპერატურა 50 გრადუსამდე გაიზარდა. აღნიშნულის გამო მილიონობით ევროს ღირებულების ახალი და გაყინული საკვები პროდუქტი გაფუჭდა.

იტვირთბა....