აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის კუნძულ კეშმზე მდებარე ობიექტებზე 2 ნოემბრის ღამეს იერიშები მიიტანა. ვაშინგტონის განცხადებით, ოპერაცია თავდაცვითი ხასიათის იყო და ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტების დაცვას ისახავდა მიზნად.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, დარტყმები ირანის მიერ აშშ-ს ობიექტების წინააღმდეგ საზენიტო რაკეტების გამოყენებას უკავშირდებოდა. ირანის სახელმწიფო მედიამ კუნძულზე ხუთი აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მათ კეშმზე ორი ამერიკული სადაზვერვო დრონი, ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში კი კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს.
Financial Times-ის ინფორმაციით, დარტყმები შეზღუდული მასშტაბის იყო და არ ნიშნავდა იმ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებას, რომლებსაც აშშ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილამდე აწარმოებდა.
ოპერაცია დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებასაც ეწინააღმდეგება. აქამდე აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ შუალედურ არჩევნებამდე ირანზე ახალ დარტყმებს არ მიიტანდა. 3 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება, რომლებიც ფართოდ განიხილება, როგორც ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის შეფასება.
ირანთან ომი რესპუბლიკელებისთვის საარჩევნო პრობლემად იქცა. კონფლიქტმა აშშ-ში საწვავისა და სხვა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდას შეუწყო ხელი, რამაც ამომრჩეველთა უკმაყოფილება გააძლიერა. რესპუბლიკელმა კანდიდატებმა, მათ შორის აიოვაში ეშლი ჰინსონმა და მიჩიგანში მაიკ როჯერსმა, ომის დასრულების მოწოდებებიც გააკეთეს.
ამასთან, ტრამპი არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლების შესაძლებლობას განიხილავს.
ტრამპმა ვაშინგტონში, Reflecting Pool-თან გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და თეირანს შეთანხმების მიღწევა სურს. მისი მტკიცებით, აშშ ომში “ადვილად იმარჯვებს”.
Fox News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ირანის კიდევ ერთ შესაძლო სამიზნეზეც ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-მა შესაძლოა დაარტყას გამაგრებულ ბირთვულ ობიექტს, რომელიც ცენტრალურ ირანში, ნათანზის ბირთვული ობიექტის სამხრეთით მდებარეობს.

