საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიცია აქციებზე სპეციალურ საშუალებებს – ცრემლსადენ გაზსა და ყუმბარებს კვლავ გამოიყენებს.
ლორან ნუნესის თქმით, თავდასხმის დროს პოლიციელებს თავის დაცვა უნდა შეეძლოთ. ნუნესმა დეპუტატს, გაბრიელ კატალასაც უპასუხა, რომელმაც პოლიციის ქმედებას “რეპრესია” უწოდა.
მინისტრმა ბრალდება უარყო და განმარტა, რომ სამართალდამცველები საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და მხოლოდ მაშინ მოქმედებენ, როცა დემონსტრანტები ვიტრინებს ამსხვრევენ, პოლიციას თავს ესხმიან და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან.
“რაც შეეხება შეიარაღებას, არა, არც მასზე და არც მის რომელიმე სახეობაზე უარის თქმას არ ვაპირებ. ამის მარტივი მიზეზია ის, რომ პოლიციელებს როდესაც მათ თავს ესხმიან, თავდაცვის საშუალებები სჭირდებათ. შესაბამისად, არცერთ საშუალებას არ დავთმობთ. ამასთან, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი აღჭურვილობის განახლებასაც ითვალისწინებს. აღჭურვილობის დაფინანსება არ მცირდება და 2026 წლის საბიუჯეტო კანონპროექტით გათვალისწინებულ დონეზე რჩება. აღჭურვილობაში, რა თქმა უნდა, შედის ფორმები, შეიარაღება, საბრძოლო მასალა და დაცვის საშუალებები”, – განაცხადა ლორან ნუნესმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთში საპროტესტო მოძრაობა გრძელდება. სტუდენტთა კავშირი უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესს ბლოკავს, 5 ნოემბერს კი ქუჩის აქციებს გეგმავს.

