სომხეთის მთავრობამ „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის,“ ანუ TRIPP-ის პროექტი თაროზე კი არ შემოდო, არამედ მისი რეალიზება უკვე დაიწყო – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რასაც vestikavkaza ავრცელებს
„სომხეთის მთავრობამ შემდგომი პროცესების ორგანიზებამდეც კი TRIPP-ის ფარგლებში რკინიგზის, გზისა და ელექტროგადამცემი ხაზების საპროექტო სამუშაოების დაკვეთა საკუთარი ინიციატივით დაიწყო,” – აცხადებს ფაშინიანი.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას დროის დაკარგვა არ სურს და როგორც კი TRIPP-ის განვითარების კომპანია ჩამოყალიბდება, მთავრობა მას დასრულებულ სამუშაოებს გადასცემს.
TRIPP-ის პროექტი სომხეთის ინფრასტრუქტურიდან ნრნაძორ-ყარჩევანის რკინიგზას, ელექტროგადამცემ ხაზებსა და გზას მოიცავს. რაც შეეხება გაზსადენისა და ნავთობსადენის მშენებლობას, ფაშინიანის ცნობით, ეს საკითხები მოგვიანებით იქნება განხილული.
თავის მხრივ, ვიცეპრემიერ მჰერ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის მალე გაგრძელებას მოელის. მისი თქმით, შემდეგი ეტაპის გრაფიკი ჯერ არ არის შეთანხმებული, თუმცა მხარეები მის განხილვას და სამუშაოების გაგრძელებას აპირებენ.
უკვე განსაზღვრულია, რომ TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებულ მონაკვეთებზე დელიმიტაცია ურიგოდ მოხდება. ასევე, ვიცეპრემიერი ადასტურებს, რომ ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ კომპანიის შექმნას არ დაელოდება და სიუნიქში ელექტროგადამცემი ხაზების, გზებისა და რკინიგზის პროექტირებას დაიწყებს.
ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნარეკ მკრტჩიანმა განაცხადა, რომ ამჟამად TRIPP-ის სომხურ მონაკვეთზე მიმდინარეობს კვლევა, რომლის დასრულებაც მომდევნო ერთ ან ორ თვეში არის მოსალოდნელი, რის შემდეგაც “რეალური პროგრესი უკვე 2027 წლის დასაწყისში” დადგება.
კერძოდ, ელჩის ცნობით, კვლევის დაკვეთას ამერიკული კომპანია, AECOM ასრულებს და მისი შედეგები მალე გახდება ცნობილი, ხოლო შეფასების შემდეგ პრაქტიკული სამუშაოები დაიწყება. მანამდე ყველა ფორმალობა, როგორიც, მაგალითად, TRIPP Development Company-ის ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებში რეგისტრაციაა, ასევე, სხვა დეტალებზე ყველა ეტაპი უკვე დასრულებულია.
ამერიკულმა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია AECOM-ის წარმომადგენლებმა სომხეთში TRIPP-ის ტერიტორიის შესწავლა მაისში დაიწყეს. AECOM-ის გუნდი ერევანში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პარტნიორობის ფონდის სახელით ჩავიდა. ამერიკელების ცნობით, სომხური მონაკვეთის მშენებლობა ან მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. იქ მარშრუტი მხოლოდ 42 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ანუ აზერბაიჯანული მონაკვეთი 194 კილომეტრ სიგრძისაა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა აგვისტოში განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფნის სამუშაოები სწრაფად მიმდინარეობს და პროექტის აზერბაიჯანული მონაკვეთის დასრულება 2027 წელს იგეგმება. ამ მხრივ ბაქო საერთაშორისო კონსორციუმის შექმნას აპირებს. მასში ის კომპანიები და ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც პროექტში ინვესტიციებით, მოგების მიღებითა და ამ მარშრუტზე გარანტირებული სატრანსპორტო ნაკადის უზრუნველყოფით არიან დაინტერესებული.
ამასთან, ზანგეზურის დერეფნის ფარგლებში თავის სარკინიგზო მონაკვეთს თურქეთიც 24-საათიან რეჟიმში აშენებს. კერძოდ, ყარსიდან გადაჭიმული 224-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი დიგორის, თუზლუჯის, იგდირისა და არალიკის გავლით აზერბაიჯანთან დილუჯუს სასაზღვრო გადასასვლელამდე გრძელდება. თუზლუჯში, პროექტის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის აგვისტოში დაიწყო, ხიდისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, ყარსისა და იგდირის მიმართულებით ამჟამად გვირაბები, ვიადუკები და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შენდება. მოელიან, რომ მარშრუტზე მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს მიაღწევს.
ცნობისთვის: 2025 წლის აგვისტოში, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-სა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც წერია, რომ ერევანი ვაშინგტონთან და მესამე მხარეებთან TRIPP-ის პროექტის ჩარჩო შეთანხმებას შეიმუშავებდა. პროექტი საავტომობილო და სარკინიგზო, ასევე, ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. TRIPP სომხეთზე გამავალ 42-კილომეტრიანი გზით აზერბაიჯანის მატერიკულ ნაწილს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, შემდეგ კი თურქეთს დააკავშირებს.
სექტემბრის ბოლოს ვაშინგტონმა ტრანსკასპიურ საწარმოთა ფონდის (Trans-Caspian Enterprise Fund) შექმნა გამოაცხადა. ეს ოფიციალური იურიდიული სახელწოდებაა იმ სტრუქტურის, რომელიც უფრო TRIPP+-ის სახელით არის ცნობილი. TRIPP+-ის, ანუ Tripp+Enterprises-ის ფონდის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ჩიკაგოში მოღვაწე და რუსეთში დაბადებული კერძო კაპიტალის ინვესტორი, კონსტანტინ სოკოლოვია. ფონდმა სახელი Trump Path Project-იდან, ანუ TRIPP-იდან მიიღო.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 201 მლნ დოლარის ფონდი უფლებამოსილია, სესხები, სააქციო კაპიტალის ინვესტიციები და გრანტები გასცეს, რომ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში კერძო სექტორის სტრატეგიულ განვითარებას ხელი შეუწყოს.
უკვე არსებობს მინიშნებები, რომ კონსტანტინ სოკოლოვის ფონდის დაფინანსება გაიზრდება. კერძოდ, აპრილში სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ უწყებამ ფონდ Tripp+-ისთვის დამატებით 400 მლნ დოლარის გამოყოფა უკვე უზრუნველყო.

