საფრანგეთის სტუდენტთა ეროვნული კავშირი ახალგაზრდებს მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და სასწავლო დაწესებულებების ბლოკირებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელ „იქსში“ გავრცელებული განცხადების თანახმად, 3 ნოემბერს უნივერსიტეტებში საერთო კრებები და სასწავლო პროცესის ბლოკირება იგეგმება, ხოლო 5 ნოემბერს სტუდენტები ქუჩებში მასობრივ გამოსვლებს გეგმავენ.
„მთავრობას ჩვენი მოსმენა არ სურს? 3 ნოემბერი უნივერსიტეტებში საპროტესტო მოქმედებების დღეა. მიიღეთ მონაწილეობა საერთო კრებებში და დაბლოკეთ თქვენი უნივერსიტეტები. 5 ნოემბერს კი მასობრივად გამოვიდეთ ქუჩებში“, — ნათქვამია სტუდენტთა კავშირის განცხადებაში.
ამასთან, საფრანგეთში დღეს ლიცეუმების ბლოკირება განახლდა. მოსწავლეთა პროფკავშირის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტი ლიცეუმის ბლოკირება განხორციელდა. განათლების სამინისტრო გაცილებით ნაკლებ შემთხვევას ადასტურებს. უწყების ოფიციალური მონაცემებით, ბლოკირებული იყო მხოლოდ 41 ლიცეუმი.

