პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის ოლქთან საზღვრის დასაცავად ახალ სამხედრო ბრიგადას ქმნის.
მედიის ცნობით, ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთი ბრიგადა წლის ბოლომდე ვარმია-მაზურიის სასაზღვრო თავდაცვის ბრიგადად გარდაიქმნება. მას რუსეთის კალინინგრადის ოლქთან საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ახალი ამოცანები დაეკისრება.
ამასთან, როგორც მედია წერს, აღსანიშნავია, რომ ბრიგადის ამოცანა უშუალოდ საზღვრის დაცვა იქნება და არა სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
პოლონეთის არმიის განცხადებით, ქვედანაყოფის რეორგანიზაცია 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა სრულ საბრძოლო მზადყოფნას იგი მომდევნო ორი წლის განმავლობაში მიაღწევს.
ამჟამად მიმდინარეობს ბრიგადის შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფების გადაიარაღება. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა რუსეთის საელჩოების მეშვეობით ნატო-ს ქვეყნების მიმართ მანამდე გაჟღერებული მუქარა, რომლის თანახმადაც, კალინინგრადზე ან რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონზე პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი იარაღის მთელ არსენალს გამოიყენებს.

