პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ძალისმიერი დაპირისპირების გზას ირჩევს, რაც შესაძლოა, პოლონეთს ძვირად დაუჯდეს.
ტუსკის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გარეშეც შესაძლებელია. ამისთვის პრეზიდენტმა სეიმის მიერ კანონიერად არჩეული მოსამართლეები უნდა ცნოს და მათ საკონსტიტუციო ტრიბუნალში უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა მისცეს.
„ამ ეტაპზე ნავროცკი ძალისმიერი დაპირისპირების გზას ირჩევს, რაც შესაძლოა, პოლონეთს ძალიან ძვირად დაუჯდეს. სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებულმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ ძალადობას არ უნდა დაუთმოს, მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერი გარე ძალები უჭერენ მხარს PiS-ის, „კონფედერაციის“, ბრაუნისა და ნავროცკის თავდასხმას. ის უკან არ დაიხევს“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არ შეეშვა არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები. შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ, ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო, პრეზიდენტი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.

