ირანის წინააღმდეგ ნებისმიერმა განახლებულმა აგრესიამ შესაძლოა, გამოიწვიოს საპასუხო ქმედება, რომელიც დასავლეთ აზიის რეგიონის ფარგლებს გასცდება, – ამის შესახებ ირანის არმიის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, მოჰამად აკრამინიამ განაცხადა.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ირანმა გააძლიერა ოპერატიული მზადყოფნა, განაახლა მოწინააღმდეგის სამიზნეების მონაცემთა ბაზა და ნებისმიერი შესაძლო საფრთხისთვის მზადყოფნის ფარგლებში, გააფართოვა თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები.
ირანის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მითითებების შესაბამისად, ირანი ანახლებს სამიზნეების მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს აშშ-ისა და ისრაელის კუთვნილ ყველა სახის მატერიალურ თუ არამატერიალურ აქტივს. მოჰამად აკრამინიამ ხაზი გაუსვა, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ავანტიურის დაწყების შემთხვევაში, შესაძლოა, სამიზნედ იქცეს ამერიკული ობიექტები, აღჭურვილობა, ძალები და ინტერესები – ყველგან, სადაც კი ისინი ირანის შეიარაღებული ძალების წვდომის არეალში აღმოჩნდებიან.
აკრამინიამ ასევე თქვა, რომ შესაძლო ომი შესაძლოა, წინაზე გაცილებით ხანგრძლივი აღმოჩნდეს და აშშ-ის პრეზიდენტი ვერ შეძლებს, ერთპიროვნულად განსაზღვროს კონფლიქტის ხანგრძლივობა ან მისი დასრულების პირობები.

