აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდების აღდგენას ცდილობს – Wall Street Journal

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ზამთრის წინ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ უკრაინის გავლით ევროპაში რუსული ბუნებრივი გაზის გაყიდვის სწრაფად აღდგენის წინადადებით გამოდის, თუმცა, ინიციატივა ევროპული მთავრობების წინააღმდეგობას აწყდება.

WSJ ამერიკელ, ევროპელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ იდეა აშშ-ს წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, სექტემბერში მოსკოვსა და კიევში ვიზიტების დროს წამოაყენეს.

წინადადება ამერიკელი შუამავლის მეშვეობით რუსული გაზის გაყიდვას გულისხმობს, რაც, გამოცემის წყაროების თქმით, ევროპული სანქციების გვერდის ავლას მოემსახურებოდა და ამერიკელ ინვესტორებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას შეუქმნიდა.

ამერიკელი მომლაპარაკებლების შეფასებით, ევროპულ ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივა ვლადიმირ პუტინისთვის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტაზე დასათანხმებლად მნიშვნელოვანი სტიმული იქნებოდა, უკრაინა კი გაზის ტრანზიტიდან შემოსავალს მიიღებდა.

თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ასევე წამოაყენეს წინადადება, რომ გაზის გაყიდვით მიღებული თანხა მესამე ქვეყნის იურისდიქციაში სპეციალურ, ესქრო ანგარიშზე განთავსდეს, რათა კრემლმა ეს შემოსავალი ომის დასაფინანსებლად ვერ გამოიყენოს.

გამოცემის მიხედვით, ევროპელ ლიდერებთან საუბრისას ვაშინგტონმა ეს წინადადება ენერგიის ფასების შემცირების შესაძლებლობადაც წარმოაჩინა, თუმცა, შეთანხმება მიღწეული არ არის და რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ აშშ-ს მცდელობებს ამ დრომდე უგულებელყოფდა.

ამასთან, EU-ს მოქმედი კანონმდებლობა რუსული ბუნებრივი გაზის შესყიდვის 2027 წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტას ითვალისწინებს. ევროპის უმსხვილესი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ არ სურთ ენერგეტიკული დამოკიდებულების აღდგენა ქვეყანაზე, რომელსაც მთავარ სტრატეგიულ საფრთხედ მიიჩნევენ.

თავის მხრივ, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა დან იორგენსენმა ოქტომბერში უნგრულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა მუდმივი უნდა იყოს.

“რუსეთს ნამდვილად არ ვენდობოდი. მაშინაც კი, ხვალ მშვიდობა რომ დამყარდეს, რისი იმედიც ყველას გვაქვს.” – განაცხადა იორგენსენმა.

ამასთან, WSJ-ს ერთ-ერთმა წყარომ რუსული გაზის შესყიდვის აღდგენის იდეა ევროპის პრინციპებთან შეუთავსებლად შეაფასა. კიდევ ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა ეს ნევილ ჩემბერლენის მიერ ჰიტლერისთვის ჩეხოსლოვაკიის დათმობას შეადარა.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაზე გამავალი მილსადენებით მიწოდების აღდგენა თითქმის დაუყოვნებლივ იქნებოდა შესაძლებელი. ამ მარშრუტით რუსული გაზის ტრანზიტი 2025 წლის იანვარში შეწყდა.

ამას გარდა, გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი უფრო ფართო შეთანხმების შესაძლო ნაწილად Nord Stream-ის აღდგენასაც განიხილავს, თუმცა, დაზიანებული მილსადენების ამუშავებას, პოლიტიკური და მარეგულირებელი დაბრკოლებების გადალახვის შემთხვევაშიც, მნიშვნელოვნად დიდი დრო დასჭირდება.

იტვირთბა....