უკრაინასა და რუსეთში საგანგებო შეტყობინებების აპლიკაციებზე კიბერშეტევის შედეგად მომხმარებლებმა ყალბი გაფრთხილებები მიიღეს. შეტყობინებები შეიცავდა რადიაციულ საფრთხისა და ბირთვული დარტყმების შესახებ გაფრთხილებებს.
პრობლემის შესახებ თავდაპირველად უკრაინამ განაცხადა. ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, შეტყობინებების აპლიკაციაში განხორციელებული ჩარევის შედეგად კიევში მცხოვრებმა მომხმარებლებმა რადიაციული საფრთხის შესახებ გაფრთხილება მიიღეს.
„სავარაუდოდ, აპლიკაცია მტრული ჩარევის მსხვერპლი გახდა. რადიაციული საფრთხე არ არსებობს! შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თვალი ადევნეთ ჩვენს ოფიციალურ არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას“, — ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
უკრაინის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, შეფერხება მოხდა აპლიკაცია Air Alert-ში. უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა, საჰაერო იერიშების საფრთხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სხვა წყაროებიც გამოიყენონ. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა.
რამდენიმე საათის შემდეგ კიბერშეტევის შესახებ რუსეთშიც განაცხადეს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი მობილური აპლიკაცია გატეხეს და მომხმარებლებს ბირთვული დარტყმების შესახებ ყალბი შეტყობინებები გაეგზავნათ. უწყებაში აცხადებენ, რომ სპეციალისტები აპლიკაციის ჩვეულ რეჟიმში მუშაობის აღსადგენად მუშაობენ, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
რუსული მედიის ცნობით, თავდასხმის უკან უკრაინული სადაზვერვო ჯგუფი დგას.

