უკრაინის 141-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მოხალისეებმა დონეცკის ოლქში, სარდაფში დამალული რუსი ოფიცერი იპოვეს და დაატყვევეს – ამის შესახებ ბრიგადამ 7 სექტემბერს განაცხადა. მებრძოლები, რომელთა საბრძოლო მეტსახელებია „ორეხასი“ და „სიეტე“ , ბრიგადის 1-ელ მექანიზებულ ბატალიონში მსახურობენ. ზაფხულში, ტერიტორიის წმენდისას, მათ სარდაფიდან ხმაური შემოესმათ. შენობასთან მიახლოებამდე მებრძოლები რაციით დაუკავშირდნენ უკრაინულ დანაყოფებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შიგნით უკრაინელი სამხედროები არ იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც დაადასტურეს, რომ სარდაფში რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა, მოხალისეებმა პოზიციის მიმართულებით რამდენიმე ხელყუმბარა ისროლეს, რის შემდეგაც მას ჩაბარება უბრძანეს. იგი სარდაფიდან აწეული ხელებით გამოვიდა და უკრაინელ სამხედროებს ჩაბარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დატყვევებული რუსი სამხედრო ოფიცერი იყო.
141-ე ბრიგადის განცხადებით, მისი დატყვევება ღირებული შევსებაა უკრაინის სამხედრო ტყვეების ფონდისთვის, რომლებიც მომავალი გაცვლებისთვის გამოიყენება.

