ალიანსი არ მოითმენს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი აცხადებს.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ალიანსის ქვეყნებს, რომლებიც მსგავს ინციდენტებს აწყდებიან.
უიტაკერმა ასევე განაცხადა, რომ გასულ თვეში გერმანიაში ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობა, რაშიც ბერლინმა რუსეთი დაადანაშაულა, უფრო საგანგაშო იყო, ვიდრე სხვა ბოლოდროინდელი ინციდენტები, მათ შორის რუსული დრონებით თავდასხმები, რომლებმაც კურსიდან გადაუხვიეს.
ნატო-ში აშშ-ის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრები მზად უნდა იყვნენ და ასეთი ინციდენტების დროს მკაფიო მესიჯი გაგზავნონ.
„გარდა ამისა, არსებობს ის, რასაც მე უფრო საგანგაშო ჰიბრიდულ ქმედებებს დავარქმევდი, როგორიცაა ის, რაც ლაიფციგში ან პოლონეთში ვნახეთ. ჩვენ თუ შევძლებთ იმის იდენტიფიცირებას, თუ ვინ აკეთებს ამას – როგორც გერმანიამ გააკეთა, ჩვენ ნათლად განვაცხადებთ, რომ ეს მიუღებელია და ჩვენ ამას არ მოვითმენთ“, – აღნიშნა უიტაკერმა.
მისივე თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ენერგეტიკული ობიექტები, შეიძლება, მორიგი სამიზნე გახდეს.
ცნობისთვის, პირველ სექტემბერს გერმანიამ ოფიციალურად დააკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვს 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ლაიფციგის აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი სამი დრონი აღმოაჩინეს. გერმანიამ საპასუხო დიპლომატიური ზომები გამოაცხადა. რუსეთი მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.

