ოდესაში რუსების მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე იერიშის შემდეგ დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია.
“ოდესაში, საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობაზე დრონის დაცემის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. მე-10-დან მე-17 სართულამდე ბინების დაზიანების გამო ცნობილია 17 დაზარალებულის შესახებ, მათ შორის 3 ბავშვია. ობუხოვისა და ბორისპილის რაიონებში დარტყმის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველები ფარმაცევტული კომპანიის საწყობში ხანძარს ებრძვიან. დარტყმები განხორციელდა ნიკოპოლზე, ხერსონზე, სუმზე, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკიზე. საერთო ჯამში, მხოლოდ ამ ღამით ნგრევა 13 ოლქში დაფიქსირდა.
ბევრ ქალაქსა და თემში განგაში პრაქტიკულად არ ცხრება რუსული რეაქტიული დრონების საფრთხის გამო. მტერი შვებულებაში არ წასულა – რუსებმა ესკალაციის ახალი გზა იპოვეს და ტემპის შემცირებას არ გეგმავენ. საჭიროა მეტი რეაგირება და წინააღმდეგობა, დაცვის საშუალებების, უპირველეს ყოვლისა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის – ანტირაკეტული და ანტიდრონული სისტემების ევროპული წარმოების დაჩქარება. ევროპას შეუძლია იყოს თვითმყოფადი და ძლიერი – ამისთვის გასულ წლებში უკვე ძალიან ბევრი გაკეთდა. და მხოლოდ ასეთს შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი და თავისი ცხოვრების წესი. ყოველდღიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან თავდაცვის ახალ პაკეტებზე. მადლობა ყველას, ვინც საერთო დაცვისთვის შრომობს. მადლობა თითოეულს, ვინც უკრაინას ეხმარება” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

