აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთი ირანს ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების განვითარებაში ფარულად ეხმარება

რუსეთი ირანს ახალი კლასის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების განვითარებაში ფარულად ეხმარება. ამის შესახებ Financial Times-ის გამოძიება წერს, რომელიც გაჟონილ რუსულ მიმოწერას, რუსი სპეციალისტების მოგზაურობის მონაცემებსა და სამხედრო პატენტების ანალიზს ეყრდნობა.

გამოცემის ცნობით, მრავალწლიანი საიდუმლო პროგრამის კოდური სახელწოდებაა C430L.

როგოტც FT წერს  C430L-ის მთავარი მიზანია ირანს დაეხმაროს “რამჯეტური” ძრავის განვითარებაში – ეს არის ძრავა, რომელიც ფრთოსან რაკეტას რამდენიმე ბგერის სიჩქარით ხანგრძლივი ფრენის საშუალებას აძლევს.

სარაკეტო და სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ტექნოლოგია თითქმის დარწმუნებით განკუთვნილია ხომალდსაწინააღმდეგო და სახმელეთო სამიზნეებზე დასარტყმელი ფრთოსანი რაკეტებისთვის. ასეთი იარაღი შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს აშშ-ს ავიამზიდებსა და სხვა სამხედრო ხომალდებს ახლო აღმოსავლეთში.

ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების მაღალი სიჩქარე და დაბალ სიმაღლეზე ფრენის შესაძლებლობა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებს მათი აღმოჩენისა და გასანადგურებლად ნაკლებ დროს უტოვებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურეში, სადაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს მოწინავე სახმელეთო და საზღვაო თავდაცვის სისტემები აქვთ.

ირანმა უკვე შექმნა და გამოცადა რამჯეტური ძრავის სისტემა, თუმცა FT-ს ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის დახმარებით შექმნილი ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა ირანის შეიარაღებაში უკვე მიიღეს.

ირანული რაკეტების ექსპერტმა და Conflict Armament Research-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ფაბიან ჰინცმა განაცხადა, რომ ეს რუსეთის მხრიდან ირანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნოლოგიის გადაცემაა, რომლის მიღებასაც თეირანი ათწლეულებია ცდილობს.

C430L-ს რუსეთის სახელმწიფო იარაღის ექსპორტიორი Rosoboronexport და სარაკეტო მწარმოებელი NPO Mashinostroyenia კოორდინირებენ.

FT-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რუსი სპეციალისტები ირანში კონტრაქტის გაფორმებამდე რამდენჯერმე ჩავიდნენ. C430L-ის კონტრაქტი ირანის თავდაცვის სამინისტროსთან 2023 წლის ნოემბერში გაფორმდა.

2025 წლისთვის NPO Mashinostroyenia-ს ირანისგან რამჯეტური ძრავის შესახებ დიდი მოცულობის ტექნიკური მასალა ჰქონდა მიღებული. რუსი ინჟინრები ირანის მიერ ჩატარებული ფრენის გამოცდის მონაცემებს აანალიზებდნენ და ირანულ მხარეს ტექნიკურ კითხვებსა და რეკომენდაციებს უგზავნიდნენ.

2025 წლის აპრილში Rosoboronexport-მა ირანში დაახლოებით 20 რუსი სპეციალისტის გაგზავნა შესთავაზა. ისინი C430L-ის ფარგლებში ტექნიკურ კონსულტაციებში უნდა ჩართულიყვნენ.

FT-ს ცნობით, პროგრამაში NPO Mashinostroyenia-ს მაღალი რანგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ საზღვაო და ფრთოსან რაკეტებზე მომუშავე კონსტრუქტორები, რამჯეტური ძრავების სპეციალისტები და მაღალსიჩქარიანი სარაკეტო სისტემების ექსპერტები.

მათ შორის იყო ალექსანდრ დერგაჩოვი, NPO Mashinostroyenia-ს მაშინდელი ხელმძღვანელის მოადგილე და საზღვაო რაკეტებისა და ფრთოსანი რაკეტების კომპლექსების მთავარი კონსტრუქტორი.

ირანში 2023 წელს სამჯერ ჩავიდა კომპანიის საჰაერო ძრავების დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრ ჩებაკოვიც. რუსული პატენტების მიხედვით, ის ზებგერითი რამჯეტური ძრავების სპეციალისტია.

პროგრამაში ასევე მონაწილეობდა კომპანიის აეროდინამიკისა და ბალისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი იური პროხორჩუკი. ის იმ პატენტის ავტორთა შორისაა, რომელიც ხომალდებისა და სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ განკუთვნილ რამჯეტურ ძრავაზე მომუშავე ჰიპერბგერით ფრთოსან რაკეტას ეხება.

FT-ს კითხვებს დერგაჩოვმა, ჩებაკოვმა და პროხორჩუკმა არ უპასუხეს. კომენტარი არ გააკეთეს არც კრემლმა, Rosoboronexport-მა და NPO Mashinostroyenia-მ. ირანის მთავრობამაც კითხვებს პასუხი არ გასცა.

ირანს ბოლო წლებში ბალისტიკური რაკეტების განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული. ქვეყანას ასევე აქვს ტურბორეაქტიული და ტურბოვენტილატორული ძრავების წარმოების შესაძლებლობა შედარებით ნელი ფრთოსანი რაკეტებისთვის.

თუმცა რამჯეტური ძრავით აღჭურვილი ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის შექმნა ირანის სამხედრო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ გამოწვევად რჩებოდა.

თეირანი ამ შესაძლებლობის განვითარებას ათწლეულებია ცდილობს. 2016 წელს ირანის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შექმნას გეგმავდა.

2018 წელს უკრაინაში ორი ირანელი დიპლომატი დააკავეს საბჭოთა წარმოების Kh-31A-ის ტიპის ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტისთვის ნაწილებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შეძენის მცდელობისას.

2019 წელს ირანის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიამ მაშინდელ უზენაეს ლიდერ ალი ხამენეის ადგილობრივად შექმნილი რამჯეტური ძრავი აჩვენა. 2023 წლის აგვისტოში კი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულმა Tasnim-მა განაცხადა, რომ ირანმა ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის პროტოტიპის გამოცდა დაიწყო.

ექსპერტების შეფასებით, რამჯეტური ძრავის ტექნოლოგიის ათვისება ირანს მომავალში სხვადასხვა ტიპის იარაღის შექმნისა და უცხოელ მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობას მისცემს.

FT-ის მიერ მოპოვებული მიმოწერის მიხედვით, C430L-ზე მუშაობა 2026 წელსაც გაგრძელდა.

2026 წლის ივნისში Rosoboronexport-ის წერილში რუსული და ირანული მხარეები პროგრამის შემდეგ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და რუსული ტექნიკური ანგარიშების განხილვას გეგმავდნენ. თუმცა FT-მ ვერ დაადგინა, დაიწყო თუ არა პროგრამის შემდეგი ეტაპი.

C430L-ის პროგრამა რუსეთსა და ირანს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ნაწილია. ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის Shahed-ის ტიპის დამრტყმელი დრონები მიაწოდა და მათი წარმოების რუსეთში გამართვაშიც დაეხმარა.

უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირები ასევე აცხადებდნენ, რომ რუსეთი ირანს აშშ-სა და ისრაელთან ომის პერიოდში სამხედრო დახმარებას უწევდა, მათ შორის სატელიტური მონაცემებით, დრონებთან დაკავშირებული ტექნოლოგიებითა და იარაღის კომპონენტებით.

FT-ის ცნობით, აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე ომის პერიოდში ირანმა დრონებისა და ზუსტი დამიზნების რაკეტების გამოყენებით ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და სხვა სახმელეთო ობიექტებზე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა აშშ-ს საზღვაო ძალების ობიექტებისთვის მსგავსი ზიანის მიყენება ჯერჯერობით ვერ შეძლო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსკოვი “ცდილობს, საჭირო დახმარება გაუწიოს” თეირანს და მიაწოდოს “საჭირო საქონელი”. მას C430L-ის პროგრამაზე კონკრეტულად არ უსაუბრია.

C430L-ის პარალელურად, FT-მ ადრე გამოავლინა, რომ რუსეთი ირანს “ვერბას” ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსაც აწვდის. გამოცემის ცნობით, შესაბამისი საიდუმლო შეთანხმების ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს.

იტვირთბა....