აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ევროკომისიამ ChatGPT-ი, Reddit-ი და Roblox-ი მკაცრ რეგულაციებს დაუქვემდებარა

ევროკომისიამ ChatGPT-ისთვის, Reddit-ისა და Roblox-ისთვის ციფრული უსაფრთხოების ყველაზე მკაცრი წესები დააწესა და შესაბამისად, ისინი რეგულაციებს დაუქვემდებარა – ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს და წერს, რომ „ციფრული სერვისების შესახებ აქტის“ ფარგლებში, კომისიამ ChatGPT-ი „ძალიან დიდ ონლაინ საძიებო სისტემად“, ხოლო Reddit-ი და Roblox-ი „ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმებად“ განსაზღვრა.

„ვინაიდან ყველა ამ სერვისებს ევროპაში ყოველთვიურად 45 მილიონზე მეტ მომხმარებელი ჰყავს, ისინი კლასიფიცირებულნი არიან როგორც „ძალიან დიდი ონლაინ-პლატფორმები“ და შესაბამისად, ევროკავშირში მოქმედი ონლაინ-უსაფრთხოების ყველაზე მკაცრი რეჟიმის ქვეშ ექცევიან. ბრიუსელში დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი ზომები შეესაბამება ევროპულ საზოგადოებაზე ამ პლატფორმების გავლენის მასშტაბს“, – წერს გამოცემა.

ამ სტატუსს განსაკუთრებით სერიოზული შედეგები ექნება ChatGPT-ისთვის: ევროკომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი, რომელიც ინტერნეტიდან რეალურ დროში იღებს შედეგებს, ფუნქციონირებს როგორც საძიებო სისტემა და არა უბრალოდ პლატფორმა.

Reddit-ისა და Roblox-ის შემთხვევაში კი აღინიშნა, რომ ორივე მათგანი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან კონტენტი და საჯაროდ გააზიარონ იგი.

ახლა სამ სერვისს აქვს ოთხი თვე მთელი რიგი ვალდებულებების შესასრულებლად. ეს მოიცავს სისტემური რისკების ყოველწლიურ შეფასებას, რაც ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, უკანონო კონტენტს, არასრულწლოვანთა დაცვას, ასევე მომხმარებელთა ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზემოქმედებას. ისინი ასევე ვალდებულნი არიან გაიარონ დამოუკიდებელი აუდიტი და მიაწოდონ მონაცემები მარეგულირებელ ორგანოებს.

გამოცემა წერს, რომ თუ კომპანია ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეასრულებს წესებს, მას ემუქრება ჯარიმა წლიური გლობალური შემოსავლის 6 პროცენტამდე ოდენობით.

ამასთან, euronews-ის ინფორმაციით, პლატფორმებისა და საძიებო სისტემების საერთო რაოდენობამ, რომლებიც ევროკავშირში ყველაზე მკაცრი რეგულირების დონეს ექვემდებარებიან, 28-ს მიაღწია.

აღსანაშნავია, რომ ევროპაში ამ რეგლამენტის მოქმედების შედეგად ჯარიმების მოცულობამ დაახლოებით 870 მილიონი ევროს შეადგინა. მათ შორის არის სარეკორდო 550 მილიონი ევრო AliExpress-ისთვის ივლისში უკანონო და კონტრაფაქტული საქონლის გაყიდვის აღკვეთის არასაკმარისი ზომების გამო, 200 მილიონი ევროს ჯარიმა Temu-ზე მაისში ანალოგიური დარღვევებისთვის და 120 მილიონი ევროს ჯარიმა X-ზე 2025 წლის დეკემბერში კონტენტის მონიტორინგისა და გამჭვირვალობის ხარვეზების გამო.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ მიმართულ ასეთ ჯარიმებს ადრე „ეკონომიკური გამოძალვის ახალი ფორმა“ უწოდა და საპასუხო ზომებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც მსგავს წესებს აწესებენ. ახლა, როდესაც ევროკომისიის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ აშშ-ის კუთვნილი კიდევ სამი სერვისი მოხვდა, ეს რიტორიკა შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს.

იტვირთბა....