საზიანოა თუ არა ის ორგანიზმისთვის და სხეულის რომელ ზონებში არ შეიძლება ეპილაციის გაკეთება, ამ თემაზე ექიმი-კოსმეტოლოგი მაია ჩუთლაშვილი „თბილისელებს“ ესაუბრა:
– რომელ ზონებში არ შეიძლება ეპილაცია?
-განვითარებულ ქვეყნებში ლაზერულ ეპილაციას აკეთებენ ექიმთან ვიზიტის შემდეგ. ჩვენ შეიძლება, ისეთი დაავადება გვქონდეს, რომლის შესახებ არც კი ვიცით და ლაზერის სხივმა მისი პროვოცირება და გაუარესება გამოიწვიოს. ლაზერის გაკეთება არ შეიძლება: ინფექციური, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, პრეონკოლოგიური და კანის დაავადებების დროს, ასევე ჰორმონული დარღვევის, ჰიპერტონიის ანუ მაღალი წნევის, ალერგიის, ორსულობისა და ლაქტაციისას. კიდევ, არ შეიძლება განსაზღვრული პრეპარატების მიღებისას. ესენია: ფოტომასენსიბილებელი პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, წნევის დამწევი საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, შარდმდენები და სხვა. ეს პრეპარატები სინათლის სხივის მიმართ მგრძნობელობას აძლიერებს და მათი გამოყენებისას ლაზერის გაკეთებამ შესაძლებელია, დამწვრობა გამოიწვიოს. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ 12-14 წლის ბავშვებს სიხარულით ემსახურებიან. 18 წლამდე ეს დაუშვებელია. უცხოეთზე ვსაუბრობდით და დავამატებ, როცა იქ პაციენტი ექიმთან მიდის, იხსნება სპეცილური ანკეტა და გამოკვლევების შედეგად, თუ ჩათვალა ექიმმა, რომ ლაზერი არ გავნებთ, მაშინ გრთავენ ნებას. ექიმი დოკუმენტს ხელს აწერს და ის ხდება იურიდიული პასუხისმგებელი. ჩვენთან მსგავსი რამ არაა, იგივე ხდება სოლარიუმებზეც – ვისაც უნდა და რამდენჯერაც სურს, მიდის. გაციების დროსაც კი არაა სასურველი ლაზერული ეპილაციის გაკეთება. შაქრიანი დიაბეტის დროს კი ლაზერის ზემოქმედებით სისხლში იცვლება შაქრის რაოდენობა. ახლა რაც შეეხება ზონებს. რისკ-ზონები არის იქ, სადაც ყველაზე მეტი მელანინია ჩალაგებული. ესენია: გენიტალიური ზონები, კისერი, საზარდულის არე, ხალები, იღლია, მკერდი; არ შეიძლება თვალის გარშემო, განსაკუთრებით წარბის ზედა ნაწილზე და კისრის უკან.
– რატომ?
– მსოფლიოში თმის ზრდის მექანიზმი მეცნიერების მიერ ბოლომდე დღემდეც არაა ახსნილი. ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე მუდმივად რეაგირებს ჰორმონული სისტემა. შესაბამისად, როცა ორგანიზმში აღმოჩნდება თმის მკვდარი ფოლიკულები, შეიძლება ორგანიზმმა ეს არასწორად აღიქვას, გამოიმუშაოს ზედმეტი ჰორმონები და თავისუფლადაა შესაძლებელი, ჰორმონული ბალანსი დაირღვას. თუმცა, ეს უარყოფითი პროცესი მაშინვე არ იქნება შესამჩნევი, ამას ხანგრძლივი დრო დასჭირდება. ანალოგიურია სოლარიუმის დროს. შევრჩერდები მკერდსა და ბიკინის ზონაზე. ბიკინის ზონას ნუ გაიკეთებთ ნურც ლაზერით და ნურც ელექტროეპილაციით. შესაძლებელია, პატარა მიზეზმა დიდი მიზეზი გამოიწვიოს. ამიტომ, იმ ადგილებს, სადაც რისკი მეტია, უმჯობესია არ შეეხოთ. როცა ვიცით, საზარდულის არეში, იღლიაში, მკერდზე, კისერზე, სადაც ლიმფური ჯირკვლები და ძალიან ბევრი ნერვი გადის, ზედმეტი ზეწოლა მავნებელია, რატომ უნდა გავიღიზიანოთ?! რაც შეეხება მკერდს, ონკოლოგიური დაავადებები თავს ბოლო სტადიაში იჩენს, ანუ თავიდან ვერ ვამჩნევთ. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ სიმსივნეს. ნებისმიერი ადამიანის მკერდში შესაძლებელია რაიმე იწყებდეს განვითარებას. ლაზერის დასხივებისას კი, ეს მის გამწვავებას იწვევს. მართალია, ამბობენ, რომ ლაზერის სხივი მხოლოდ თმის ფოლიკულამდე აღწევს, მაგრამ რატომ აქვს ამდენი უკუჩვენება? ჯერ კიდევ კვლევის საგანია ლაზერული ეპილაციის სარგებლიანობა-უსარგებლობა. ამიტომ, უფლება არ გვაქვს, გადაჭრით ვთქვათ – ცუდია, თუ კარგი. უბრალოდ, ვამბობ, რომ არის ზონები, სადაც რისკი დიდია.
„თბილისელები“