ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე ომების შედეგად მსოფლიოს დიზელის საწვავის დეფიციტი ემუქრება – ამის შესახებ ამერიკული საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs Group Inc.-ის ანალიტიკურ ანგარიშშია აღნიშნული, რასაც Bloomberg-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, ბანკმა ორჯერ მეტად გაზარდა თავისი პროგნოზები დიზელის საწვავის წარმოებიდან მოსალოდნელ მოგებაზე.
„ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების გახშირებამ კიდევ უფრო შეზღუდა ისედაც დაძაბული გლობალური გადამუშავების სიმძლავრეები, რამაც ნავთობპროდუქტების მარჟა ახალ რეკორდულ ნიშნულებამდე აწია“, – ნათქვამია ანალიტიკურ ანგარიშში. „ამ ზრდის ეპიცენტრში სწორედ დიზელის საწვავი რჩება“, – წერია ანგარიშში.
ანალიტიკოსების განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გაჩერებები სეზონურ ნორმას 60%-ით აღემატება, ხოლო პროდუქციის მარაგები იკლებს, მიუხედავად მოთხოვნის ნაწილობრივი შემცირებისა.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასთან მიმართებით დიზელის ერთი ბარელის წარმოებიდან მიღებული მოგება 2027 წელს აშშ-ში საშუალოდ 63 დოლარს, ხოლო ევროკავშირში 49 დოლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს (შესაბამისად 27 და 19 დოლარს).
ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურიდან ნედლი ნავთობის ექსპორტი ომამდელი დონის 70–80%-ს დაუბრუნდა, თუმცა გლობალური ნავთობპროდუქტების ექსპორტი კვლავ მხოლოდ 40%-ის დონეზე რჩება.
„გადამუშავების სრული აღდგენა გლობალურ გეოპოლიტიკურ დეესკალაციას მოითხოვს“, – ნათქვამია ანგარიშში.
Shell Plc-ის გენერალურმა დირექტორმა, ვაელ საუანმა (Wael Sawan) მანამდე განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარი „სამმაგი საფრთხის“ გამო განიცდის ზეწოლას: რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები, სპარსეთის ყურეში ნაოსნობის საფრთხე და ჰუსიტების იერიშები წითელ ზღვაში.
ამასობაში, TotalEnergies SE-ის პატრიკ პუიანემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნედლი ნავთობის ზოგიერთი პარტია გადის ჰორმუზის სრუტეს, იქიდან ნავთობპროდუქტების გატანა არ ხდება.
შეგახსენებთ: ორშაბათს, 31 აგვისტოს, ნავთობის ფასი ბარელზე 91,1 დოლარის დონეზე ნარჩუნდებოდა. ეს აშშ-სა და ირანს შორის საპასუხო დარტყმების შემდეგ მოხდა.

