რუსეთში ბენზინის წარმოება აგვისტოს ბოლოსთვის შიდა ბაზარზე მოხმარების საშუალო დონის 70%-მდე დაეცა, რაც უპილოტო საფრენი აპარატების შეტევების შედეგად მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გაჩერებით არის გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, უკრაინამ გააძლიერა შეტევები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის გამოც აგვისტოში რუსეთის რეგიონებში ისევ საავტომობილო საწვავის დეფიციტი შეიქმნა.
ბოლო კვირაში დრონებით თავდასხმის ობიექტები გახდნენ და მუშაობა შეაჩერეს ისეთმა მსხვილმა ქარხნებმა, როგორიცაა „პერმნეფტეორგსინთეზი“, „ნორსი“ და „იაროსლავნეფტეორგსინთეზი“, რომლებიც ბენზინის მნიშვნელოვან მოცულობებს აწარმოებენ. შედეგად, წყაროების შეფასებით, ბენზინის გამოშვება აგვისტოს ბოლოსთვის თითქმის იმავე ნიშნულამდე შემცირდა, რაც ივლისის დასაწყისში, მაისიდან გამწვავებული საწვავის კრიზისის პირველი ტალღის პიკზე დაფიქსირდა.
გაჩერებული ქარხნების გათვალისწინებით, პროდუქტის გამოშვება აგვისტოს ბოლოსთვის დღე-ღამეში დაახლოებით 80 000 ტონამდე დაეცა. ხოლო აგვისტოს საშუალო მაჩვენებლით, ბენზინის წარმოება დღე-ღამეში 90 000 ტონის დონეზე იყო, რაც ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი მოხმარების საორიენტაციო დონის (დღე-ღამეში 115 000 ტონა) დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
ამრიგად, მიმდინარე კვირაში რამდენიმე ქარხნის ავარიულმა გაჩერებამ ბენზინის წარმოების ჩამორჩენა ბაზრის მოთხოვნილებასთან შედარებით დღე-ღამეში დაახლოებით 35 000 ტონამდე დაიყვანა.
დეფიციტმა რუსეთი აიძულა გაეზარდა ნავთობპროდუქტების იმპორტი. ბაზრის მონაწილეების მონაცემებით, აზიის ქვეყნებიდან საზღვაო მოწოდებები აგვისტოში დაახლოებით 270 000 ტონას შეადგენს, ხოლო ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი მიმდინარე თვეში დაახლოებით 150 000 ტონას მიაღწევს (ანუ დღე-ღამეში 5 000 ტონას).
ტრეიდერების შეფასებით, აგვისტოში რუსეთში სულ უკვე შევიდა დაახლოებით 220 000 ტონა ბენზინი, ანუ საშუალოდ დღე-ღამეში დაახლოებით 7 000 ტონა.
დეფიციტის სიმწვავეს ასევე ამსუბუქებს მოთხოვნის მხრიდან გარკვეული თვითშეზღუდვა: ბევრი ავტომფლობელი ახლა უკიდურესი აუცილებლობის გარეშე აღარ მიდის ავტოგასამართ სადგურებზე რიგებში დგომის ან ცარიელი ავზით დარჩენის რისკის გამო – წერს Reuters-ი.
ამასთან, ბევრ რეგიონში დაწესებულია საცალო ქსელში საწვავის გაცემის სხვადასხვა შეზღუდვა: ერთ ხელზე გაყიდვების ლიმიტი და გაყიდვების რიგითობა სახელმწიფო სანომრე ნიშნის ლუწ-კენტობის მიხედვით.

