მარტიდან აგვისტოს პერიოდში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ექვსთვიანი ომის განმავლობაში წიაღისეული საწვავის იმპორტიორებმა, ფიუჩერსული ბაზრის ომამდელ მოლოდინებთან შედარებით, 330 მლრდ დოლარი ზედმეტად გადაიხადეს.
ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) ახალ ანალიზში წერია, რასაც LIGA.net ავრცელებს.
შედარებისთვის: კრიზისის გამო მარტიდან აგვისტოს პერიოდში იმპორტიორებისთვის დამატებითი ყოველთვიური ხარჯი 55.3 მლრდ დოლარს შეადგენს. ეს ოდენობა, თითქმის, მთლიანად უტოლდება 2025 წელს განახლებად ენერგიაში განხორციელებულ მთლიან ყოველთვიურ გლობალურ ინვესტიციებს, რამაც, დაახლოებით, 58 მლრდ დოლარი შეადგინა.
CREA-ს შეფასებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებამ და ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ ნავთობის ბაზარზე 1990 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი შოკი გამოიწვია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აზიის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ფასები, ომამდელ პროგნოზებთან შედარებით, საშუალოდ, 75%-ით, ევროპული LNG-ის 60%-ით, დიზელის 59%-ით, ბენზინის 43%-ით, ხოლო Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასები 35%-ით გაიზარდა.
განსაკუთრებით მძიმედ ღარიბი ქვეყნები დაზარალდნენ: წიაღისეული საწვავის იმპორტის დამატებითმა ხარჯმა, საშუალოდ, მათი მშპ-ის 1% შეადგინა. აბსოლუტურ რიცხვებში ყველაზე დიდი დამატებითი ხარჯი ევროკავშირმა განიცადა, რამაც 78 მლრდ დოლარი შეადგინა. შემდეგი 35 მლრდ დოლარით ჩინეთი და ინდოეთია.
ევროკავშირის სუფთა ზარალმა, საკუთარი ექსპორტიდან მიღებული დამატებითი შემოსავლის ჩათვლით, 54 მლრდ დოლარი, ხოლო აღმოსავლეთ აზიის ზარალმა 49 მლრდ დოლარი შეადგინა.
ყველაზე ღარიბმა ქვეყნებმა, ანუ ტიპიური დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე იმპორტიორებმა ზედმეტად, საშუალოდ, მშპ-ის 1% გადაიხადეს, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.45%-ს შეადგენდა. მაგალითად, ეგვიპტისთვის დამატებითი ხარჯი 5.2 მლრდ დოლარი, ანუ მშპ-ის 1.33%-ია, რაც ხუთდღიან ეროვნულ შემოსავალს შეადგენს.
მაღალი ფასების შედეგად სუფთა ზრდა ოთხმა რეგიონმა აჩვენა. ეს არის ახლო აღმოსავლეთი (+61.2 მლრდ დოლარი), ჩრდილოეთ ამერიკა (+47 მლრდ დოლარი), რუსეთი (+35.9 მლრდ დოლარი) და ლათინური ამერიკა (+4.9 მლრდ დოლარი). კრიზისი რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფინანსურ რგოლად იქცა, რამაც ფედერაციის საექსპორტო შემოსავალი მკვეთრად გაზარდა.
განახლებად ენერგიაში ინვესტიციების ჩადების მსურველი ქვეყნები უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კრიზისის მხოლოდ პირველი ხუთი თვის განმავლობაში სუფთა ენერგიის სიმძლავრის გაზრდამ წიაღისეული საწვავის იმპორტიორ ქვეყნებს საშუალება მისცა, გაზის შესყიდვები 22 მლრდ დოლარით, ქვანახშირის 10 მილიარდით, ხოლო ნავთობის შესყიდვები 5 მლრდ დოლარით შეემცირებინათ, რის შედეგადაც მთლიანობაში 36 მლრდ დოლარზე მეტი დაზოგეს. აბსოლუტური განზომილებით, ყველაზე დიდი, ანუ 7.9 მლრდ დოლარის დანაზოგი ჩინეთმა, ხოლო 4.9 მლრდ დოლარის დანაზოგი იაპონიამ დააფიქსირეს.

