რუსეთმა უკრაინაში მოლდოვას საზღვართან მდებარე გამშვებ პუნქტზე დრონებით იერიში მიიტანა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
„ღამიდან მოყოლებული გრძელდება ჩვენი საგანგებო სამსახურების მუშაობა რუსული დარტყმების ადგილებზე. იერიში მასშტაბური იყო – რუსები დიდხანს ემზადებოდნენ და აერთიანებდნენ სხვადასხვა ტიპის ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებსა თუ დრონებს, რათა რაც შეიძლება ძლიერად დაეზიანებინათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ნანგრევები და დაზიანებებია კიევში, კიევის ოლქში, ოდესისა და ჩერნიჰივის რეგიონებში.
დედაქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მათ შორის მრავალსართულიანი შენობა, სადაც ზედა სართულები დაინგრა, ასევე საბავშვო საავადმყოფო და სკოლა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსულმა დარტყმამ კიევში 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არის დაღუპული ოლქშიც. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. კიდევ 40-მდე ადამიანი დაშავებულია. ოდესის ოლქში მტერმა დრონებით შეუტია მოლდოვის საზღვართან მდებარე გამშვებ პუნქტს, ჩერნიჰივის ოლქში კი – გაზის ინფრასტრუქტურას. მადლობას ვუხდი ყველა მაშველს, მედიკოსს, პოლიციელსა და კომუნალური სამსახურის თანამშრომელს, რომლებიც პირველივე წუთებიდან ეხმარებიან ადამიანებს.
სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც მოსკოვი რესურსებს ბალისტიკასა და ესკალაციაში დებს, ასეთ დარტყმებზე მსოფლიოს მხრიდან ყოველთვის არ არის სათანადო რეაქცია. სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი მშვიდობაზე სერიოზულად არ იფიქრებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა FREYJA-ს პროგრამაზე. თუმცა „პატრიოტების“ გადამჭერ რაკეტებს ჯერჯერობით ვერაფერი ჩაანაცვლებს და ისინი ყოველდღიურად გვჭირდება. თითოეული დამატებითი რაკეტა ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ინარჩუნებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ეს ესმის, ეძებს და პოულობს დახმარების შესაძლებლობებს.“ – წერს ზელენსკი.

