ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრი მასრურ ბარზანი აცხადებს, რომ ირანულმა დრონებმა ერბილის პროვინციაში, პირმამის რაიონში მდებარე მის ოფისზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ბარზანმა თავდასხმა სახიფათო ესკალაციად და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის პირდაპირ საფრთხედ შეაფასა.
მისივე თქმით, თავდასხმა ირანის მხრიდან „უგუნური“ და „მიუღებელი“ ქმედებაა.
„ქურთისტანის კონტრტერორისტული დანაყოფის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დღეს დილით ირანის დრონებით თავდასხმები განხორციელდა ჩემს პირად კაბინეტსა და უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში. მე უმკაცრესად ვგმობ ამ უგუნურ და მიუღებელ თავდასხმებს. ეს არის სახიფათო ესკალაცია და პირდაპირი საფრთხე ქურთისტანის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ეს თავდასხმები ხელს არ შეგვიშლის ჩვენი მოვალეობების შესრულებასა და ჩვენი მოქალაქეების დაცვაში“, – დაწერა ბარზანმა სოციალურ ქსელში.
მედიის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, როგორც „როიტერსი“ წერს, ირანმა და ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ერაყის ნახევრად ავტონომიური ქურთისტანის რეგიონი ირანის ქურთისტანის ოპოზიციის მხარდაჭერაში, რასაც თეირანი უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევს. ერაყის ქურთისტანის ხელისუფლება აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

