რუსეთმა უკრაინისა და ბელარუსის საზღვრების გასწვრივ სულ მცირე 10 ახალი სამხედრო ბაზა მოაწყო, საიდან გაშვებულ რეაქტიულ დრონებსაც ვარშავამდე მიღწევა შეუძლიათ. The Telegraph-ის საგამოძიებო მასალების თანახმად, მოსკოვის მიზანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვა და გარღვევაა, თუმცა ახალი ბაზების მდებარეობა და უპილოტოების გაზრდილი სამოქმედო რადიუსი ევროპული ქვეყნებისთვის რეალურ რისკს წარმოადგენს, უახლეს რუსულ დრონებს NATO-ს საჰაერო სივრცეში თავისუფალი შეჭრა შეუძლიათ.
The Telegraph-ის ცნობით, საზღვრისპირა ზონაში 59 მექანიკური კატაპულტია დამონტაჟებული, რაც ასაფრენი ზოლების გარეშე მძიმე დრონების სწრაფი გაშვების საშუალებას იძლევა. ექსპერტების შეფასებით, ერთ-ერთ ბაზაზე 1000-ზე მეტი დრონის შესანახი სასაწყობე ფართი ფიქსირდება.
ახალი, რეაქტიულძრავიანი მოდიფიკაციები 90-კილოგრამიანი საბრძოლო ქობინითა და გაზრდილი სიჩქარით გამოირჩევიან. ეს ფაქტი უკრაინის მობილური საცეცხლე ჯგუფების მუშაობას მნიშვნელოვნად ართულებს.
ცნობილია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება სასტარტო წერტილებში პირდაპირ რუსული სამხედრო ქარხნებიდან, კერძოდ კი თათრეთში მდებარე „ალაბუგას“ საწარმოო კლასტერიდან ხორციელდება.

