კულტურისა და ძეგლტა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიას არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. გიორგაძის თქმით, 2000 წელს დადგენილი საზღვრების მიხედვით გაყიდული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს არ ატარებს,
“ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2000 წელს დადგინდა, 2007-ში კულტურის მინისტრის ბრძანებით, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა არ განსაზღვრულა არც საკადასტრო საზღვრები და არც სააღრიცხვო ბარათი.“ – განაცხადა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის თამარ ამაშუკელის თქმით, ნაკვეთი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საკუთრებაში გადაეცა, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს და შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ამაშუკელის განცხადებით, მასზე ვრცელდება განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი.