გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკვე 60-ზე მეტი თანასპონსორი ჰყავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს, რომლის დამტკიცებასაც აწგარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი დიდი ძალისხმევით ცდილობდა – ეს ნიშნავს, რომ პაკეტს მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობა აქვს სენატში ფილიბასტერის დასაძლევად.
შესაბამისად, კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს 100%-იანი მეორადი სანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესყიდვას განაგრძობენ, უკვე ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს სენატში მისაღებად. მთავარ დაბრკოლებად ახლა კანონპროექტის კენჭისყრაზე გამოტანა რჩება.
ამასთან, სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი მიღება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასაც მოუწევს.
Axios-ის ცნობით, ამჟამად სენატში სანქციების პაკეტს, სულ მცირე, 61 თანასპონსორი ჰყავს – აქედან 39 რესპუბლიკელი, და 22 დემოკრატი სენატორი.
ცნობისთვის, აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოფისის განცხადებით, მიზეზი მოულოდნელი ავადმყოფობა გახდა.
ლინდსი გრემმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა მანამდე განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზად იყო კანონპროექტის მხარდაჭერისთვის. მათ 10 ივლისს თქვეს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება მიღწეული იყო.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების კანონპროექტი გარდაცვლილ სენატორ ლინდსი გრემს “ყველაფერზე მეტად სურდა” და ის მის “ხსოვნას ეძღვნება”.
“ვიცი, რომ ეს [რედ. – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი] ლინდსის ძალიან სურდა. მგონი, შესაძლოა, ირანი დაამატონ. ირანის დამატებას აპირებენ, რაც ძალიან დიდი რამ იქნება, თუკი ამას გააკეთებენ. შესაძლოა ჰეზბოლაც დაამატონ. […] ეს ლინდსის ხსოვნას ეძღვნება, ეს მისი რამ იყო. ეს მას ყველაფერზე მეტად სურდა. იცით, რასაც ფიქრობდა. დიდი შანსია, რომ მას დაამტკიცებენ”. – თქვა ტრამპმა.

