აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „ტესტად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ირანმა ამ ტესტს თავი ვერ გაართვა.
„ეს შტატებში სტანდარტული ტაქტიკაა – ჯერ მიდიხარ ურთიერთგაგების მემორანდუმამდე, შემდეგ კი შეთანხმებამდე. მე ვთქვი: პირდაპირ შეთანხმებაზე გადავიდეთ. მაგრამ, იცით რა? ეს ერთგვარი ტესტი იყო, და მათ ვერ გაართვეს თავი. მათ ტესტი ვერ ჩააბარეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
„ურთიერთგაგების მემორანდუმს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როცა არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან გაქვს საქმე. დიდი მნიშვნელობა არც მაშინ აქვს, როცა პატიოსან ადამიანებთან გაქვს საქმე. ეს ხომ მხოლოდ ურთიერთგაგების მემორანდუმია, დიდს არაფერი ნიშნავს“- განმარტა ტრამპმა.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც გასულ თვეს გაფორმდა, 60-დღიან ვადას აწესებდა ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული უფრო რთული საკითხების მოსაგვარებლად. თუმცა, მემორანდუმის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში რეგიონში დარტყმები ორივე მხრიდან განახლდა.

