აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ცუდია, როცა  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა, სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხიც” – შალვა პაპუაშვილი

ცუდია, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას, – ამის შესახებ  შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხიც. მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი კვლავ ვერ ელევა იმ პოლიტიკურ პრაქტიკას, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან თანასწორი დიალოგის ნაცვლად მენტორული ტონით საუბარს ამჯობინებს.

“ცუდია, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას. ასეთი რიტორიკა არა მხოლოდ არაფერს სძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არამედ კიდევ უფრო აზიანებს ბრიუსელის მიმართ ისედაც შერყეულ ნდობას ქართული საზოგადოების თვალში.

თუმცა, სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხიც.

პასუხი კი ის არის, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი კვლავ ვერ ელევა იმ პოლიტიკურ პრაქტიკას, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან თანასწორი დიალოგის ნაცვლად მენტორული ტონით საუბარს ამჯობინებს.

უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ფორმულა: “მხარს ვუჭერ ხალხს, მაგრამ არა მის ხელისუფლებას”. სინამდვილეში, ასეთი განცხადება გულისხმობს, რომ ქალბატონი კალასის აზრით, ქართველი ხალხი უუნაროა, თავად შეარჩიოს თავისი ხელისუფლება და ამიტომ გარედან მეურვეობა და კარნახი სჭირდება. ეს არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არამედ მისი პოლიტიკური არჩევანის უპატივცემულობაა.

ბრიუსელში უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სხვა ერების მიმართ მსგავსი ქედმაღლური დამოკიდებულება ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშორებს მშვიდობის პროექტის იდეას და მას კონფლიქტების წამქეზებლად აქცევს.

ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“. პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს. ამიტომ, ვიდრე ქალბატონი კალასი მკაფიოდ არ გაემიჯნება საკუთარი პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან ტერორიზმის გამართლებას, საქართველოსთან დაკავშირებული მისი ნებისმიერი მომავალი კომენტარი არასერიოზული იქნება,”- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელთაგანაც ამჟამად სირთულეები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით.

იტვირთბა....