უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია სვირიდენკოს განცხადებით, გდანსკში გამართული კონფერენციის შედეგად 160 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის საერთო ღირებულება 10 მილიარდ ევროს აჭარბებს.
„წელს ხელმოწერილი 160 ხელშეკრულება, რომელთა ღირებულება 10 მილიარდ ევროს აჭარბებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მთელი უკრაინული გუნდის ყოველდღიური მუშაობის შედეგია“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.
სვირიდენკომ ასევე გამოაცხადა ძირითადი შედეგები, მათ შორის ევროკავშირის ახალი ფინანსური ინსტრუმენტის პირველი ტრანში – 3.2 მილიარდი ევრო, მსოფლიო ბანკთან შეთანხმების ფარგლებში 3.4 მილიარდი დოლარი, უკრაინის რეკონსტრუქციის ევროპული ფლაგმანური ფონდის ამოქმედება და Ukraine Transport Support Fund-ის შექმნა.
გარდა ამისა, მიაღწიეს შეთანხმებას საბინაო პროგრამებისთვის 140 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელი მოეწერა შეთანხმებას ფრონტის ხაზზე მდებარე რეგიონებში გზების აღდგენისა და დაცვის შესახებ, ასევე დამყარდა ახალი პარტნიორობა თავდაცვის მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორებში.
„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა: უკრაინასა და ევროპას აქვთ საერთო გზა, საერთო ღირებულებები და საერთო მომავალი“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.
კონფერენცია უკრაინის აღდგენის საკითხებზე პოლონეთის ქალაქ გდანსკში გუშინ გაიხსნა. უკრაინის დელეგაციას პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში არ ჩასულა.

