აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“კიევში ღამით რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა…მხოლოდ ივლისში ეს კიევზე მეექვსე ბალისტიკური თავდასხმა იყო” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. მისი თქმით, კიევში ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, რის ფონზეც საერთაშორისო პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გადამჭრელი რაკეტების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

,,წუხელ კიევში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. რუსებმა დააზიანეს მაღალსართულიანი შენობა, საწყობები და მანქანები.

ხარკოვის ოლქზე რუსული დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. რეგიონს დრონებითა და საჰაერო ბომბებით დაესხნენ თავს. დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ობიექტები: კინოთეატრი, ჩოგბურთის კორტები.

სუმიში ჩვეულებრივი პარკი დაბომბეს, რეგიონში კი ტრაქტორების ბრიგადას დაესხნენ თავს. ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. ვინიცას, ჟიტომირის, ნიკოლაევისა და დონეცკის ოლქებში ელექტროქსელის ობიექტები დაზიანდა.

სულ რუსებმა გამოიყენეს 13 რაკეტა, რომელთაგან 8 ბალისტიკური იყო და 151 დრონი. მხოლოდ ივლისში ეს კიევზე მეექვსე ბალისტიკური თავდასხმა იყო. მოსკოვი ბალისტიკურ ტერორზეა ორიენტირებული და აგრძელებს დარტყმებს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის გადამჭრელი რაკეტების მიწოდების დაჩქარება. ყველა პაკეტი მნიშვნელოვანია და ყველაფერი, რაზეც ჩვენს პარტნიორებთან შევთანხმდით, დროულად უნდა მოვიდეს ჩვენამდე. ამ მარაგების სისწრაფე საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე და შევაფერხოთ რუსეთის სურვილი, გააგრძელოს ბრძოლა. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება.” – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ღამით განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით.

იტვირთბა....