უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო რუსეთში ბენზინის ფასებმა ბოლო 20 წლის რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ ფასების მკვეთრი მატება, საწვავის დეფიციტთან და ბაზარზე არსებულ პანიკასთან ერთად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების წარმატებულმა დარტყმებმა გამოიწვია.
მათივე ცნობით, რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, ბენზინის საშუალო ფასი სულ რაღაც ერთ კვირაში, 16 ივნისიდან 22 ივნისამდე, 3%-ით გაიზარდა და ლიტრზე 71.20 რუბლს მიაღწია. მონაცემების მიხედვით, ეს არის შიდა ბაზარზე საწვავის ფასების ყველაზე დიდი ყოველკვირეული ნახტომი სულ მცირე 2006 წლის შემდეგ.
Bloomberg წერს, რომ გასულ წელთან შედარებით, რუსეთმა ბენზინის წარმოების მეოთხედი დაკარგა, ხოლო ნავთობპროდუქტების საზღვაო ექსპორტი ივნისის პირველ ნახევარში 15%-ით შემცირდა.

