აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუს სტუდენტებს, რომლებიც დრონების ოპერატორებად არიან რეკრუტირებული, კვალიფიკაციას უცვლიან, რიგით ქვეითებად აფორმებენ და ფრონტის ხაზზე, იერიშებზე აგზავნიან

რუს სტუდენტებს, რომლებიც დრონების ოპერატორებად არიან რეკრუტირებული, კვალიფიკაციას უცვლიან, რიგით ქვეითებად აფორმებენ და ფრონტის ხაზზე, იერიშებზე აგზავნიან. რეკრუტერების სამიზნეს უნივერსიტეტებისა და ტექნიკუმების სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებსაც ისინი ტექნიკურ მომზადებასა და აქტიური საბრძოლო ზონებისგან მოშორებით, უსაფრთხო პოზიციებზე სამსახურს ჰპირდებიან, იტყობინება პროექტი „მილიტარნი“.

უკრაინულმა პროექტმა Хочу жить უკვე მოახდინა იდენტიფიცირება და გამოაქვეყნა სიები, რომლებიც 1 059 და 262 კონტრაქტორ სტუდენტს შეიცავს. რუსი იურისტის, სერგეი მამონტოვის განცხადებით, ამ წვევამდელებს უმალავენ იმ ფაქტს, რომ იურიდიულად მათი კონტრაქტები მათ ჩვეულებრივ სამხედრო მოსამსახურეებად აქცევს, რომელთა გადაყვანაც ნებისმიერ მეთაურს შეუძლია სხვა პოზიციაზე.

მან აღნიშნა, რომ არაერთმა ოჯახმა მიმართა დახმარებისთვის მას შემდეგ, რაც მათ შვილებს დრონების სპეციალისტებად მომზადებას დაჰპირდნენ, თუმცა ამის ნაცვლად, პირდაპირ სასწავლო პოლიგონებზე, მოგვიანებით კი ფრონტის ხაზის მოიერიშე ქვედანაყოფებში გაგზავნეს.

ჟურნალისტებმა მაისში დაადასტურეს პირველი ცნობილი მსხვერპლი რეკრუტირების ამ კონკრეტული პრაქტიკიდან. ვალერი ავერინმა, 23 წლის სტუდენტმა ბურიატიიდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს ხელი იანვარში მოაწერა, ბურიატიის რესპუბლიკური მშენებლობისა და სამრეწველო ტექნოლოგიების ტექნიკუმის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას. დრონის პილოტის მომზადების კურსის დასრულების შემდეგ იგი ფრონტზე გაგზავნეს, სადაც 6 აპრილს, დისლოკაციიდან სულ რამდენიმე დღეში, ლუჰანსკის ოლქში დაიღუპა.

“ბავშვი სამი თვის განმავლობაში სწავლობდა უას-ის ოპერატორობას და ის პირდაპირ იერიშზე, ნამდვილ ხორცსაკეპ მანქანაში გაუშვეს. ადამიანი, რომელსაც ჯარშიც კი არ უმსახურია“ — თქვა დაღუპულის დედამ.

ასევე, რუსმა დეპუტატმა წამოაყენა წინადადება ბავშვებისთვის მეხუთე კლასიდან სავალდებულო სამხედრო მომზადების შემოღების შესახებ, რათა 11 წლის მოზარდები 2030 წლისთვის NATO-სა და ევროკავშირთან შესაძლო დაპირისპირებისთვის მოემზადონ.

იტვირთბა....