აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სრულად ნორმალიზებულია” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სრულად ნორმალიზებულია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის მეოთხე გლობალურ მედიაფორუმზე რუსეთთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რუსეთთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ასევე, ვიხილეთ რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის, განცხადებები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შესახებ. თქვენ ახსენეთ გარკვეული სირთულეები. დიახ, ყველამ კარგად ვიცით ამის შესახებ, თუმცა მთავარი ის არის, რომ ეს ეტაპი უკვე დასრულებულია. მე ვიტყოდი, რომ ურთიერთობები სრულად ნორმალიზებულია. კონტაქტები სხვადასხვა დონეზე გრძელდება. აქტიური ურთიერთობა მიმდინარეობს როგორც მთავრობებს შორის, სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარეების დონეზე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების ხაზით. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად ვითარდება და ეს გვახარებს“, – აღნიშნა ალიევმა.

ილჰამ ალიევის თქმით, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ორმხრივი, ისე ფართო რეგიონული თანამშრომლობისთვის.

„ეს ურთიერთობები მოიცავს როგორც თანამშრომლობის ტრადიციულ სფეროებს, ასევე, ახალ მიმართულებებს რომლებიც მომავალში, შეიძლება, განვითარდეს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სატრანსპორტო საკითხებს. მნიშვნელოვანი მიმართულებებია, ასევე, სავაჭრო და ჰუმანიტარული თანამშრომლობა“, – განაცხადა ალიევმა.

იტვირთბა....