გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის მცდელობას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაცია დაიწყოს. „პოლიტიკოს“ ცნობით, ამ საკითხზე ევროპის ორი უმსხვილესი ქვეყნის ლიდერები ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებსაც დაუპირისპირდნენ.
ბრიუსელში გვიან ღამით გამართულ სამიტზე მაკრონმა და მერცმა გააკრიტიკეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მცდელობა, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით კრემლთან საკომუნიკაციო არხები დაემყარებინა. ამის შესახებ „პოლიტიკოს“ ხუთმა ევროპელმა დიპლომატმა და მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომლებიც დახურული შეხვედრის დეტალებს იცნობენ.
მედიის ცნობით, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ლიდერების ნაწილმა კოშტას მხარი დაუჭირა.
გამოცემის შეფასებით, ეს დაპირისპირება ნათლად აჩვენებს ევროკავშირის შიგნით არსებულ მზარდ უთანხმოებას რუსეთის მიმართ მიდგომასა და იმ საკითხზე, თუ ვინ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ევროპის სახელით.
რუსეთის მიმართ განსაკუთრებით მკაცრი პოზიციის მქონე ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის დანიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლებმა, მაკრონისა და მერცის პოზიციას დაუჭირეს მხარი. ზოგიერთი მათგანი კი კოშტას მიმართ უპრეცედენტო გაღიზიანებასაც გამოხატავდა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის თქმით, „ევროკავშირმა ამ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი არ უნდა იკისროს“.
„მოსაზრება, რომ საჭიროა ალტერნატიული არხები ან საიდუმლო დიპლომატიური გზები, მცდარია. ისტორია გვაძლევს მკაფიო გაფრთხილებას, რა შედეგები მოაქვს დიქტატორებთან ალტერნატიული მოლაპარაკებების ფორმატებს“, – განაცხადა მიხალმა.
ცნობისთვის, ევროკავშირი უკვე რამდენიმე თვეა, მსჯელობს, უნდა ჰქონდეს თუ არა პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია და ვინ უნდა იყოს ამ დიალოგის მთავარი წარმომადგენელი.
სტატიის მიხედვით, საკითხი კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დროებითი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა და საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიანიშნა, რომ მისი ყურადღება კვლავ უკრაინაზე გადაერთვებოდა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირი ამ საკითხზე ორ ბანაკად არის დაყოფილი. მაკრონისა და მერცის პოზიციაა, რომ პუტინთან პირდაპირი საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა. მათი აზრით, ასეთი მომენტი როდესაც დადგება, მოლაპარაკებებს სათავეში უნდა ჩაუდგეს ე.წ. E3 – საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო. მეორე ბანაკი კი, რომელსაც, ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, „ძალიან ბევრი ქვეყანა“ მიეკუთვნება, მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სახელით მოქმედების უფლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას უნდა ჰქონდეს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირის სამიტმა კიდევ რამდენიმე უთანხმოება გამოავლინა. იტალია და პოლონეთი, რომლებიც არაფორმალურ ჯგუფ E5-ში შედიან, უკმაყოფილო იყვნენ, რომ არ მიიწვიეს E3-ისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე.
ზოგიერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა ასევე დასვა კითხვა, რატომ უნდა იტვირთოს ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებების მთავარი როლი და არა ევროკომისიამ ან ევროკავშირის საგარეო სამსახურმა. ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის თქმით, მერცის გზავნილი იყო, რომ მიუხედავად იმისა, კოშტა წარმოადგენს ევროკავშირს, მან შუამავლის როლი არ უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი დიპლომატის შეფასებით, კოშტა „ძალიან არაპროფესიონალურად“ მოიქცა, რადგან დამალა რუსეთთან კონტაქტების მასშტაბი და ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა რუსეთთან კონტაქტების შესახებ მხოლოდ მედიის ცნობების შემდეგ შეიტყო, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. კოშტას გუნდის განმარტებით, კონტაქტების მიზანი მხოლოდ ისეთი საკომუნიკაციო არხის შექმნა იყო, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის ინტერესების დაცვის შესაძლებლობას შექმნიდა. მათი თქმით, საუბრები ხანმოკლე იყო და შინაარსობრივ მოლაპარაკებებს არ მოიცავდა.
ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, კოშტას კაბინეტმა რუსეთთან კონტაქტების დაწყებამდე საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და ევროკომისია გააფრთხილა. თუმცა, სამი სხვა დიპლომატის მტკიცებით, ბერლინი ინფორმირებული არ ყოფილა. ევროპელი დიპლომატების შეფასებით, მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში საჭიროა მკაფიო მანდატი და ანგარიშგების სისტემა.
კოშტას შტაბის უფროსმა, პედრუ ლოურტიემ, ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებს განუცხადა, რომ მოსკოვთან კონტაქტები ნაწილობრივ ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირი მოთხოვნის შემდეგ განხორციელდა, რადგან უკრაინას სურს, ევროპა სამშვიდობო პროცესში უფრო აქტიურად იყოს ჩართული.
„პოლიტიკოს“ ცნობით, გერმანიაში აცხადებენ, რომ საჭიროა ფორმალური ფორმატი, რომლის ლეგიტიმაციაც სხვა ევროპელი პარტნიორების მაქსიმალურად ფართო ჩართულობასა და კიევსა და ვაშინგტონთან მჭიდრო კოორდინაციას უნდა ეფუძნებოდეს.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, პოლონეთი და იტალიაც მოითხოვენ, მოლაპარაკებების პროცესში საკუთარი როლი ჰქონდეთ.
მომავალ კვირას ფრიდრიხ მერცი ბერლინში უმასპინძლებს მაკრონს, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და იტალიის ლიდერებს, სადაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ რუსეთთან შესაძლო დიალოგის ფორმატი იქნება.

