ბოტანიკური ბაღის საკითხი ისევ აქტუალურია. ამ მიზნით, დღეს შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთად” საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას, ასევე შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შეწყვეტას და ტერიტორიის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ. მათ პარალელურად შეაქვთ განცხადებები თბილისის საკრებულოში და პარლამენტში. ისინი მოითხოვენ ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას.
25 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი საზოგადოებრივი გაერთიანება “ერთად” ბოტანიკური ბაღის დასაცავად შაბათს, 13:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია ტელეკომპანია GDS-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიასაშუალებებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პირობას დებს, რომ ამ საკითხის განსახილველად საკრებულოს ტრიბუნას გამოიყენებს. ელისაშვილი თბილისის მერის დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლის აუცილებლობაზეც საუბრობს.
„ქალაქის მერს დავით ნარმანიას ამ ორი კვირის განმავლობაში ამ ძალიან მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ერთი სიტყვა არ უთქვამს. ამდენად, მე ძალისხმევას არ დავაკლებ, რომ თბილისის საკრებულოში მოეწყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვა და თბილისის მერი, კეთილი ინებოს ამ ადამიანმა, მოვიდეს საკრებულოში და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად გამართულ საკრებულოს სხდომას დაესწროს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი“. – აცხადებს ელისაშვილი.
“მეტრონომთან” საუბარში საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ დაუშვებელია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისება. ჩხარტიშვილს საზოგადოებრივი აქტივობის იმედი აქვს.
“შაბათს, “დემოკრატიული ინსტიტუტი” უერთდება ბოტანიკური ბაღის აქციას. თუ მოსახლეობა იქნება აქტიური ჩვენ შევძლებთ პროცესის შეჩერებას. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის მტკივნეული თემაა, რადგან ჩვენ ამით ვკარგავთ ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს. თბილისის მერიის არგუმენტი აბსოლუტურად მიუღებელია. მათი განცხადება დაახლოებით იგივეა, რაც ბაგრატის ტაძარს თავის ტერიტორია ჩამოვაჭრათ და სხვა მივუერთოთ. თუ საუბრობენ, რომ აქ საუბარი ისტორიულ ძეგლზე არ არის, მაშინ ბაღთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საზოგადოებრივი განხილვა. ამას გარდა, გზის გაყვანის საბაბით 500-მდე ხე მოიჭრა, ხოლო შემდგომ აღმოჩნდა, რომ გზის გაყვანა აღარ განხორციელდა და ეს ხეები უმიზეზოდ მოჭრეს”. – აცხადებს ჩხარტიშვილი.
მისი თქმით, მერიის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებს არ დაკავშირებიან. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ თუ ქალაქის მთავრობის მაღალჩინოსნები დაუკავშირდებიან შეხვედრები საჯარო იქნება.
„მეტრონომი“ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერ ანი მიროტაძეს ესაუბრა. მიროტაძე მიიჩნევს, რომ ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მრავალი კითხვა არსებობს და სანამ პასუხები არ იქნება გაცემული აუქციონის უნდა გადაიდოს.
„ის რომ ამ საკითხზე აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“ გარდა იმისა, რომ საკითხი აქტუალურია, აქ არსებობს პოლიტიკური მოტივიც. ნათელია, რომ ეს მათი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის აქტიურობას, მათი აქტიურობა ლოგიკურია, რადგან კითხვები არსებობს და უნდა მოითხოვონ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ თუ ტექნიკურად არის შესაძლებელი მერიამ აუქციონი უნდა შეაჩეროს. ამით ჯერ ერთი ვნებათაღელვა ჩაცხრება და მეორეც, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, რაც რეალურად ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს“. – ამბობს მიროტაძე „მერრრონომთან“.
ჩვენს კითხვაზე იზიარებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, რომ ივანიშვილი ცდილობს ბოტანიკური ბაღის ხელში ჩაგდებას, მიროტაძე აცხადებს, რომ პერსონები აქ მნიშვნელოვანი არ არის.
„მე არ ვსაუბრობ გვარებზე. არ იქნებოდა ივანიშვილი, იქნებოდა სხვა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უნდა გავარკვიოთ რამდენად კანონიერად წარიმართა ეს პროცესი და იყო თუ არა გათვალისწინებული ყველა ის საფრთხე, რომელიც შესაძლოა გარემოს მიადგეს. სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოებრივ ინტერესს. თორემ ქალაქი რომ უნდა განვითარდეს და ახალი შენობები რომ უნდა აშენდეს ამაზე არავინ არ დაობს. ამ შემთხვევაში, მაინტერესებს რამდენად კანონიერად იმოქმედა მერიამ.“ – ამბობს დეპუტატი.
მიროტაძე აქვე აცხადებს, რომ მას პარლამენტის წევრის უფლება არ გამოუყენებია და მერიისთვის არ მიუმართავს.
„პირადად არ დავკავშირებივარ, მაგრამ იმ ისტორიული საბჭოს დასვნა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით იძლევა ხოლმე დასკვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხორციელდება რაიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, არ მინახავს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვითხოვ, არსებობს თუ არა მსგავსი დასკვნა. თუ არსებობს, კარგი იქნებოდა ეს დასკვნა მერიას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა.“ – ამბობს მიროტაძე.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მერიას მიმართავს და აუქციონის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. მელიას თქმით, მერია 29 ჰა ტერიტორიის ივანიშვილისთვის მიყიდვას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ, 6 მილიონად აპირებს.
ასევე, მოგეხსენებათ, წინა სამშაბათს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბატონმა ივანიშვილმა აბსოლუტურად მალულად უნიკალური თბილისის ბოტანიკური ბაღისგან მიიტაცა 4 ჰა ტერიტორია ისე, რომ ამის შესახებ ამ ქალაქში არავინ, გარდა ბოტანიკურის ადმინისტრაციისა, მერიის მაღალჩინოსნებისა და თავად ივანიშვილისა, საქმის კურსში არ იყო.
თბილისის ვიცე მერი ირაკლი ლექვინაძე აუქციონის გაუქმებას არ აპირებს და სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს აშენების აუცილებლობაზე საუბრობს.
”როდესაც ხდება ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალი გზის განვითარება მოიცავს თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარებას. რადგან ეს მხარე თბილისში არის ჯერ კიდევ აუთვისებელი და გზის გაყვანა იძლევა ახალ შესაძლებლობებს, რატომაც არა?! – გზის მიმდებარე ტერიტორიებზე, ისევე როგორც თბილისთან დამაკავშირებელ გზებზე, არსებობს მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები, იგივე რესტორნები. რატომ არ შეიძლება ამ გზაზეც არსებობდეს მსგავსი რამე, თუ ეს იქნება თბილისელებისა და სტუმრებისთვის საინტერესო? ეს არის ბოტანიკური ბაღისგან საკმაოდ მოშორებული ტერიტორია.” – ამბობს ლექვინაძე.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ურბანისტი თამარ ამაშუკელი აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. შესაბამისად, კულტური მემკვიდრეობის ობიექტის ცვლილებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ თბილისის მერიის ურბანული სამსახურის ნებართვა.
„ქვეყანაზე უამრავი ახირებული ადამიანია, ახირებული ოცნებებითა და სურვილებით, ამიტომ ჩვენ ამ ადამიანებთან ვერ გვექნება პრეტენზიები. პრეტენზია შეიძლება, გვქონდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ სახელმწიფო ინსტიტუციებისა და საჯარო პირების მიმართ, რომელთა ვალდებულება კანონის დაცვაა”. – აცხადებს ამაშუკელი.
აუქციონის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობაც აფასებს. გუგული მაღრაძის თქმით, კერძო ინვესტორის ხელში უკეთესად იქნება ბოტანიკური ბაღი. პარლამენტარის თქმით, მოხარული იქნება მასაც რომ ჰქონდეს შესაძლებლობა აუქციონში მონაწილეობის, რადგან ბაღთან დაკავშირებით ბევრი იდეა აქვს.
“მთავარია, რომ ბოტანიკური ბაღი არსებობდეს და ეს უფრო უკეთესად კერძო ინვესტოროს ხელში გაკეთდება, თუ სახელმწიფოს ხელში, იმის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. არის ბევრი საქმე, რომელსაც კერძო ინიციატივა უფრო კარგად კეთდება და არის რაღაცეები, რაც საჯარო მმართველობის ხელშია და არ კეთდება. რაც შეეხება აუქციონს, ამაზე დიდი ხანია, იყო საუბარი. ბოტანიკურ ბაღს საკმაოდ უჭირდა თავისი თავის მოვლა. კადრებიც შეამცირეს, ორი-სამი კადრი დადიოდა მხოლოდ და ეს აუქციონის იდეა ახალი არ არის. მე რომ მქონდეს შესაძლებლობა, მივიღებდი მონაწილეობას. ძალიან კარგი პროექტები და აზრები მაქვს, რა უნდა გაკეთდეს ბოტანიკურ ბაღში. ბოტანიკური ბაღის აუქციონზე გამოტანა და კერძო მფლობელობაში გადასვლა არაფერს ნიშნავს. მთავარია, რა პირობებით იყიდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც შეიძლება კერძო მფლობელობის ქვეშ იყოს, თუმცა კერძო პირმა უნდა აიღოს ვალდებულება, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კულტურული ძეგლი. თქვენ გგონიათ მსოფლიოში სხვადასხვა ისტორიული ძეგლი – ის სასახლეები სახელმწიფოს საკუთრებაა?! კერძო საკუთრებაა, მაგრამ მის მფლობელს აქვს ვალდებულება, რომ შეინარჩუნოს, როგორც კულტურული ძეგლი”. – განაცხადა მაღრაძემ.
პარლამენტის წევრი ეკა ბესელია კი ივანიშვილის ბუნებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ბაღს ივანიშვილი უკეთესად მოუვლის.
”ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება. პროცესი მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, თავად ბოტანიკური ბაღისთვის უკეთესი და უფრო სასარგებლო პირობებით. მოტივაცია არის ერთადერთი, რომ სარგებელი ნახოს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ღირებულია ბაღი და ბუნება”. – აცხადებს ბესელია.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ბაღზე საუბრისას ტურიზმის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არ უნდა ხდებოდეს.
“არანაირ განსჯას არ ექვემდებარება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფილად ამოქმედება ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბევრისთვის ეს თემა პოლიტიკური დავის ობიექტი გახდა, მაგრამ წმინდა რაციონალური პრაგმატული მიდგომით, სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვის მატარებელია. ხაზს ვუსვამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მნიშვნელობას, გზის მშენებლობას და ამ გზის გასწვრივ ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციას. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ეს საკითხი განსაკუთრებული ინტერესის, პრიორიტეტის საფუძველი უნდა გახდეს და ამ თემით პოლიტიკური სპეკულირება დაუშვებელია. ტურიზმი არის ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა და სახელმწიფო პოლიტიკა უნდა მოვარგოთ ტურიზმს, ეს ცხადია. როცა ვსაუბრობთ, რომ გვჭირდება სავალუტო შემოდინენების გაზრდა, დასაქმების უზრუნველყოფა და ზოგადად ფინანსური სტაბილურობა, ტურიზმის განვითარების გარეშე არ მიიღწევა. ამისთვის კი გარკვეული ცენტრები გვჭირდება. ამიტომ ქალაქის ურბანულ განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თბილისში უნდა გაჩნდეს ძალიან ბევრი ურბანული ცენტრი, რომელიც დამატებითი სტიმული იქნება ტურისტების მოსაზიდადაც. გარკვეული პოლიტიკური ძალები ამ საკითხს პირადი ინტერესებისათვის იყენებენ, თუმცა საზოგადოებასთან უფრო მეტი კომუნიკაცია გვჭირდება, რომ პროექტის სარგებლიანობა მოსახლეობას სწორად დავანახვოთ. ხალხს სჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია პროექტს. ამიტომ საზოგადოების სხვადასხვა წრესთან უფრო აქტიური კომუნიკაციაა საჭირო”. – აცხადებს კალანდაძე.
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძე დამატებით განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, აუქციონზე გამარჯვებული პირი ვალდებული იქნება ტერიტორიაზე ნარგავების მოვლა-პატრონობა.
“აუქციონის გამარჯვებული ვალდებული იქნება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ აუქციონი არის ღია, გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეუძლია მიიღოს მასში მონაწილეობა”, – განმარტავს კარლო ლაფერაძე.
აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმრო კომპლექსისთვის არანაკლებ 50 სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს.
აუქციონის გამარჯვებული ვალდებული იქნება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.
აუქციონის პარალელურად, თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობამ” აქცია გამართა. ცნობილი ხდება, რომ დედაქალაქის მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია მინიმალურ ფასად, 6 326 495 ლარად, გაიყიდა.
აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა.
მყიდველის ოფიციალური ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იმის გამო, რომ აუქციონი მოკლე ვადაში ჩატარდა და ერთი მყიდველი მონაწილეობდა, ასევე ივანიშვილის ინტერესების გათვალისწინებით, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მიწა ივანიშვილის საკუთრება გახდება.
მარიამ ვარადაშვილი