აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ისა და ჩინეთის ფინანსური შენატანების დაგვიანების გამო გაერო-ს გაკოტრება ემუქრება – „უოლ სთრით ჯორნალი“

აშშ-ისა და ჩინეთის მხრიდან ფინანსური შენატანების დაგვიანების გამო გაერო-ს გაკოტრება ემუქრება, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და ჩინეთის კონტრიბუცია გაერო-ს ბიუჯეტის 42%-ს შეადგენს. ამასთან, „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, გაერო-ს მხარდაჭერა შეამცირა გერმანიამაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონის დავალიანება 4 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო ჩინეთს გადასახდელი 455 მილიონი დოლარი აქვს. მიუხედავად ამისა, ჩინეთი უარს არ ამბობს გაერო-ს დაფინანსებაზე და პეკინი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია.

თავის მხრივ, აშშ-ში აცხადებენ, რომ გაერო-ს დაფინანსება დამოკიდებული იქნება ორგანიზაციის ხარჯების შემცირებაზე. ვაშინგტონი მოითხოვს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, მათ შორის სამუშაო ადგილების შემცირებას და ბიზნესკლასით ფრენების შეზღუდვას.

ამასთან, გაერო-ს დაფინანსებას ამცირებენ სხვა მსხვილი დონორებიც. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ეკონომიის მიზნით ნაკლები თანხა დახარჯეს გაერო-ს ჰუმანიტარულ პროგრამებზე. შვედეთისა და ნიდერლანდების შემთხვევაში კი, „უოლ სთრით ჯორნალი“ დაფინანსების შემცირებას მემარჯვენე პოლიტიკური ძალების გაძლიერებით ხსნის.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა 2025 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ორგანიზაცია გაკოტრების პირას არის. პროგნოზების მიხედვით, გაერო-ს დაფინანსება შესაძლოა, აგვისტოს შუა რიცხვებში ამოიწუროს. ამავე დროს, ორგანიზაციამ ახალი გენერალური მდივანი უნდა აირჩიოს.

იტვირთბა....