საწვავის კრიზისის გამო ანექსირებულ ყირიმში ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების უზარმაზარი რიგებია – ინფორმაციას და ფოტო-ვიდეოკადრებს უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და ადგილობრივებზე დაყრდნობით წერენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში ლოჯისტიკური პრობლემებია.
“თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მომარაგებაში შეფერხებებმა შეიძლება ჩაშალოს საკურორტო სეზონი არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მთელ ნახევარკუნძულზეც.“ – ამბობს ადგილობრივი.
29 მაის საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ 30 მაისიდან საწვავის კრიზისის გამო ანექსირებულ ყირიმში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდებოდა. 30 მაისიდან ანექსირებული ყირიმის მთელ ტერიტორიაზე A-95 მარკის ბენზინის გაყიდვა ლიმიტირებულია. ერთ ავტომობილზე დღეში მაქსიმუმ 20 ლიტრის გაცემაა ნებადართული. რუსული Telegram-არხები წერენ, რომ სევასტოპოლში ბენზინი თითქმის სრულად ამოიწურა, რის გამოც ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებთან უზარმაზარი რიგებია.

