დრონების შესახებ შეთანხმებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან და ახლა ვამზადებთ დრონების შესახებ დიდ შეთანხმებას ევროკავშირთან. იმედი მაქვს, რომ იგივე შეთანხმებას მივაღწევთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გვინდოდა შეერთებულ შტატებთან დრონების შესახებ პირველი შეთანხმების დადება. აშშ-ს სურდა ჩვენი ყველა ტიპის დრონების გამოცდა. შევთანხმდით, თუ როგორ სურდათ მათ ჩვენი სისტემების გამოცდა, წვრთნა და გამოყენება ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში. თუმცა, ჯერ კიდევ არ გვაქვს დრონების შესახებ ორმხრივი შეთანხმება – დიდი ჩარჩო დოკუმენტი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამერიკულ კომპანიებს აქვთ ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიები, რომელიც უკრაინას არ აქვს, მაგრამ უკრაინას ბევრი რამ აქვს ისეთი, რაც შეერთებულ შტატებს არ აქვს.
„ამერიკულ კომპანიებს აქვთ ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიები, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. თავის მხრივ, ბრძოლის ველზე ჩვენი დიდი გამოცდილების გამო, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს, რაც მათ არ აქვთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

