აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

პოლიციის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთში გულშემატკივრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთში გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, დაკავებულია 416 ადამიანი, მათგან 283 – პარიზში.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ათასობით გულშემატკივარი ქუჩებში გავიდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საფრანგეთის მასშტაბით 22 000 პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ შორის 8 000 – პარიზში.

დროებით შეჩერებული იყო ტრამვაის მოძრაობა, დაიხურა მეტროს რამდენიმე სადგური და ნაწილობრივ შეიზღუდა ავტობუსების მოძრაობაც. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ არეულობის შედეგად შვიდი სამართალდამცველი დაშავდა. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები „აბსოლუტურად მიუღებელია“. დაზიანდა ექვსი ავტომობილი და ორი კომერციული ობიექტი.

პოლიციის ინფორმაციით, ბუდაპეშტში გამართული ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაახლოებით 20 000 ადამიანი შეიკრიბა პარიზის ცენტრალურ გამზირზე, შანზ-ელიზეზე. ფრანგული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომხდარს საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, მარინ ლე პენი გამოეხმაურა. მისი თქმით, „მხოლოდ საფრანგეთში შეიძლება, საფეხბურთო კლუბის გამარჯვებამ არეულობა გამოიწვიოს“.

როგორც ფრანგული მედია წერს, დღეს გუნდს ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს.

იტვირთბა....