აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების მისაღწევად გამართული შეხვედრა გადაწყვეტილების გარეშე დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სიტუაციურ ოთახში შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ წყაროს თქმით, შეთანხმება ახლოსაა, თუმცა გარკვეული საკითხები, მათ შორის გაყინული ირანული სახსრების აღდგენა, კვლავ განხილვას საჭიროებს.
ამასთან, „ესოშიეითიდ პრესის“ ცნობით, შეხვედრაზე ისეთი შეთანხმება განიხილებოდა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას 60 დღით გაახანგრძლივებდა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს წინ წაწევდა.
ცნობისთვის, სიტუაციურ ოთახში შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ისახავდა მიზნად.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანი უნდა დათანხმდეს, რომ მას არასდროს ექნება ბირთვული იარაღი ან ბომბი, ჰორმუზის სრუტე კი დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ყოველგვარი გადასახადის გარეშე, შეუზღუდავი საზღვაო მიმოსვლისთვის ორივე მიმართულებით.

