იტალიის მთავრობამ წარადგინა წინადადება საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების შესახებ, რომელიც მმართველ კოალიციას მომავალ არჩევნებში უმრავლესობის მიღებას გაუადვილებს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტყობინება.
პროექტის მიხედვით, კოალიცია ხმების 42%-ზე მეტს თუ მოიპოვებს, ის პარლამენტში დამატებით მანდატებს მიიღებს.
გამოცემის ცნობით, იტალიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ჯორჯია მელონის არჩევნებში უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება, აღნიშნული ცვლილება კი მას პარლამენტში საკმარისი ადგილების მოპოვებაში დაეხმარება.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, პარტიებმა და კოალიციებმა საარჩევნო სიების წარდგენის დროს პრემიერმინისტრობის კანდიდატიც ოფიციალურად უნდა დაასახელონ.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ კანონმდებლობა პარლამენტის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს. მედიის ცნობით, კენჭისყრის პროცესი 26 ივნისს დაიწყება.
„უწყვეტობა და სტაბილურობა იტალიისთვის დიდი შესაძლებლობაა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სტაბილურობა ჩემი მანდატის ამოწურვამდე შევინარჩუნო“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ Channel 5-თან საუბარში.

