აშშ-ის მთავრობა გეგმავს 250-დოლარიანი ბანკნოტის გამოშვებას, რომელზეც ტრამპი იქნება გამოსახული – ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამერიკელი კანონმდებლების თანხმობა დასჭირდება, რადგან ფედერალური კანონი კრძალავს აშშ-ის კუპიურაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახულების დაბეჭდვას, თუმცა კონგრესში ტრამპის მოკავშირეებმა უკვე შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც გამონაკლისს დაუშვებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ უწყება კანონპროექტის საპასუხოდ „ახორციელებს სათანადო დაგეგმვასა და კომპლექსურ შემოწმებას“.
კანონმდებლებმა, რომლებიც ამ ინიციატივის უკან დგანან, განაცხადეს, რომ კუპიურის ნომინალი წელს ქვეყნის 250 წლის იუბილეს განასახიერებს. დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება ტრამპისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ეროვნულ ინსტიტუტებსა და სიმბოლოებზე მისი სახის, სახელისა და გამოსახულების დატანის უახლესი მაგალითი.
250-დოლარიანი კუპიურის მხატვრული კონცეფციები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ დიზაინები მოითხოვა გრავირებისა და ბეჭდვის ბიურომ (BEP) – სახაზინო დეპარტამენტის დაწესებულებამ, რომელიც შეიმუშავებს და აწარმოებს აშშ-ის ვალუტას.
„თუ ეს საკანონმდებლო მანდატი კანონად იქცევა, BEP პროაქტიულად იმოქმედებს 250-დოლარიანი სამახსოვრო ბანკნოტის დასამზადებლად, რომელიც სათანადოდ აღნიშნავს ჩვენი დიადი ერის 250-ე წლისთავს“ – ამბობენ სახაზინო დეპარტამენტში
ტრამპის ხელმოწერა ასევე გამოჩნდება აშშ-ის ქაღალდის ბანკნოტებზე. ახალი კანონპროექტი გასულ წელს წარადგინა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა. მას დასჭირდება როგორც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, ისე სენატის თანხმობა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი კონგრესის ხელშია“ . მან ასევე აღნიშნა, რომ არ მიაჩნია, თითქოს „რამე მიუღებელია“ იმაში, რომ საიუბილეო კუპიურაზე გამოისახოს იმ პირის სურათი, ვინც ქვეყნის 250 წლის იუბილეს დროს თანამდებობას იკავებს.

