დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „ყველა კარტი“ აშშ-ის ხელშია.
მისივე თქმით, ვაშინგტონს თეირანთან მოლაპარაკებებში უზარმაზარი ბერკეტები აქვს და მოლაპარაკებები ხელსაყრელ შედეგს თუ ვერ გამოიღებს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები კვლავ შესაძლებელია.
Fox News-თან ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება აშშ-ისთვის მისაღები თუ არ იქნება, აშშ მზად არის, ძალა გამოიყენოს.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამხედრო თვალსაზრისით აშშ-მა ირანი გაანადგურა.
„საბოლოოდ, ჩვენ ყველა კარტი გვაქვს, რადგან სამხედრო თვალსაზრისით, ისინი დავამარცხეთ. შეხედეთ, მათ არ ჰყავთ საზღვაო ფლოტი. მათი ყველა გემი, სულ 159 გემი აქვთ, ზღვის ფსკერზეა. ყველა. მათი საზღვაო ფლოტი სრულიად გაქრა, 100%-ით. მათი საჰაერო ძალები სრულიად გაქრა, 100%-ით. მათი სამხედრო ძალები, ჩვენ ერთგვარად დავტოვეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ მათი სამხედროები გარკვეულწილად ზომიერები არიან. მათ ჰყავთ სხვა ადამიანები, რომლებიც არ არიან ზომიერები. ჩვენ ისინი გავანადგურეთ. ჩვენ გავანადგურეთ ლიდერობის სხვადასხვა ფორმა. ჩვენ სინამდვილეში მათი სამხედროები მარტო დავტოვეთ“, – განაცხადა მან.

