აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსული ნავთობის მწარმოებელი კომპანიის, „ლუკოილის“ უცხოური აქტივების გაყიდვის ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აქტივების გაყიდვის ახალი ვადა 2026 წლის 27 ივნისამდე იქნება.
„როიტერის“ ცნობით, ნებისმიერი გარიგება უნდა უზრუნველყოფდეს, რომ „ლუკოილი“ არ მიიღებს წინასწარ გადახდას და რომ ყველა შემოსავალი განთავსდება გაყინულ ანგარიშზე აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ. ტრანზაქციებისთვის ასევე საჭირო იქნება OFAC-ს მიერ საბოლოო დამტკიცება.
ცნობისთვის, 2025 წლის 23 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“, ასევე მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ. „ლუკოილის“ უცხოური აქტივების გაყიდვის პირველ ვადად 2025 წლის 13 დეკემბერი იყო განსაზღვრული. შემდეგ ის გადაიდო 2026 წლის 17 იანვრამდე, 2026 წლის 28 თებერვლამდე, 2026 წლის პირველ აპრილამდე, 2026 წლის პირველ მაისამდე და 2026 წლის 30 მაისამდე.

