განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, აკადემიური პროგრამების განფასების მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად, სამინისტრომ დეტალურად შეისწავლა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – მათ შორის ვაშინგტონის, მიჩიგანისა და კოლორადოს უნივერსიტეტების პრაქტიკა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს რეალობასა და საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მოდელის შემუშავებას.
„უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ეფუძნება ორკომპონენტიან სისტემას – საბაზო დაფინანსებასა და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას. ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობასა და ფინანსურ ავტონომიას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხზე, შედეგებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებულ განვითარებას.
საბაზო დაფინანსება განისაზღვრება სტუდენტთა რაოდენობის, პროგრამების ღირებულებისა და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი საჭიროებების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტების სტაბილური ფუნქციონირების, ინსტიტუციური მდგრადობისა და ფინანსური ავტონომიის უზრუნველყოფას, ხოლო შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, დაკავშირებული იქნება უნივერსიტეტების მიერ კონკრეტული შედეგების მიღწევასთან, მათ შორის განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, კვლევისა და ინოვაციების განვითარებასთან, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებასთან და რეგიონული განვითარების ხელშეწყობასთან.
აღნიშნული მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდისკენ, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარებისკენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა იქნება უფასო, რა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მოქალაქეების სწავლება სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო. ამასთან, სწავლის სახელმწიფო დაფინანსების წესსა და პირობებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი დაფინანსების მოდელის დანერგვა შექმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა შეძლონ შრომის ბაზრისა და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, მაღალი ხარისხის სწავლებისა და კვლევითი გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა‘‘, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტებში კვოტების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში, შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებას. კერძოდ, მისი განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის ანალიზმა უნივერსიტეტებსა და შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს შორის არსებული მასშტაბური დისბალანსი გამოავლინა. სწორედ ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად გახდა საჭირო უნივერსიტეტებში მისაღები კვოტების განსაზღვრა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაცია, რომელმაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს შორის არსებული მასშტაბური დისბალანსი გამოავლინა. მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. როდესაც კვოტების გადანაწილება მოხდა, ჩვენ გავთვალეთ 5-წლიანი პერსპექტივა და ასევე, მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად, სამართლის შემთხვევაში, რომელზეც ყოველწლიურად 3 600 პირი აბარებს, მოთხოვნა არის დაახლოებით 700 იურისტზე, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლებოდა, ამისთვის ანგარიში არ გაგვეწია. შესაბამისად, 3 600-დან ჩამოვედით არა მკვეთრად 700-ზე, არამედ – 1500-ზე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში წელს 21 600 სტუდენტზე გამოცხადდა მიღება.
აღსანიშნავია, რომ რეფორმის კონცეფციის შემუშავების პროცესში, სამინისტრომ შეისწავლა როგორც ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) მიდგომები, ისე ცალკეული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს უმაღლესი განათლების სისტემის სტრატეგიულ დაგეგმვაში, რესურსების კონსოლიდაციაში, ხარისხის შეფასებასა და შრომის ბაზართან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. თუმცა, პრიორიტეტს, ცხადია, ეროვნული საჭიროებები წარმოადგენს“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

