ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მოამზადა რეზოლუციის პროექტი საქართველოზე, რომელსაც ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი.
მონიტორინგის კომიტეტმა რეზოლუციაში გამოხატა “სერიოზული შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის რღვევისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო” და აღნიშნა, რომ “დემოკრატიული უკუსვლა უწყვეტად გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა“.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც მომხსენებლებმა ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) მოამზადეს, სინანულით არის აღნიშნული, რომ “ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა“. ასევე ნათქვამია, რომ დემოკრატიის მიმდინარე რღვევა “სერიოზულ ეჭვებს აჩენს ხელისუფლების სურვილზე, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებები და გაწევრიანების პირობები“.
კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ „ევროპის საბჭოს წევრობა პრივილეგიაა, რომელსაც თან ახლავს უფლებებიც და ვალდებულებებიც“ და რომ ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები „ვერ დადგება ეჭვქვეშ და ვერ გახდება მოლაპარაკების საგანი“.

